რუსული რეჟიმი

ჩვეულებრივი სისულელე და აბსურდია – კალაძე სანქციებზე ამორის განცხადებაზე

თბილისის მერი, კახა კალაძე "ძალიან დიდ სისულელეს" უწოდებს ევროპარლამენტარის, ნაჩო სანჩეს ამორის განცხადებას, რომელმაც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის სხდომაზე თქვა, რომ ივანიშვილის რეჟიმის სანქცირებული წარმომადგენლები "ევროკავშირსა და NGO-ებში რეკავდნენ", რათა გაერკვიათ, თუ "როგორ გამოსულიყვნენ [სანქცირებულთა] სიიდან". 

"ჩვეულებრივი სისულელეა. რა გიპასუხოთ ისიც არ ვიცი. ჩვეულებრივი სისულელე და აბსურდია. 

სანქციებთან დაკავშირებით, ხომ ბევრჯერ ვისაუბრე. ბევრჯერ გითხარით აგიხსენით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც საქმე ეხება ჩვენს სამშობლოს, ქვეყნის ინტერესს, ქვეყნის ინტერესების დაცვას, არანაირი სანქცია აქ ვერ იმოქმედებს.

დარწმუნებული ვარ ეს არის ძალიან დიდი სისულელე" - თქვა კახა კალაძემ. 

ევროპარლამენტარის განცხადებით, ერთადერთი რაზეც ქართული ოცნების წევრებს რეაგირება ჰქონდათ, პერსონალური სანქციებია.

"ყველა თანამოსაუბრე ამბობს, რომ ერთადერთი რამ, რაც ამას შეაჩერებს, პერსონალური სანქციებია – ერთადერთი რამ, რაზეც მათ რეაქცია ჰქონდათ. ისინი ხალხს ურეკავდნენ: "რა ბედი ეწია ჩემს აქტივებს, ჩემს სახლს ესპანეთში, ჩემს შვილებს, რომლებიც ბელგიაში სწავლობენ?". - თქვა ამორმა.

კომენტარები