რუსული რეჟიმი

მთავრობის სანქცირებული წევრები EU-ში რეკავდნენ კითხვით, როგორ გამოსულიყვნენ სიიდან – ამორი

ესპანელი ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი

ესპანელის ევროპარლამენტარის, ნაჩო სანჩეს ამორის თქმით, ივანიშვილის რეჟიმის სანქცირებული წარმომადგენლები "ევროკავშირსა და NGO-ებში რეკავდნენ", რათა გაერკვიათ, თუ "როგორ გამოსულიყვნენ [სანქცირებულთა] სიიდან". 

ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის სხდომაზე საუბრისას განაცხადა. 

"ყველა თანამოსაუბრე ამბობს, რომ ერთადერთი რამ, რაც ამას შეაჩერებს, პერსონალური სანქციებია – ერთადერთი რამ, რაზეც მათ რეაქცია ჰქონდათ. ისინი ხალხს ურეკავდნენ: "რა ბედი ეწია ჩემს აქტივებს, ჩემს სახლს ესპანეთში, ჩემს შვილებს, რომლებიც ბელგიაში სწავლობენ?"

ეს პერსონალური სანქციებია. ეს არის უნივერსალური გზავნილი. ყველა თანამოსაუბრე, რომლებსაც შევხვდით, საუბრობდა ერთადერთ რეაქციაზე წარსულიდან, რომელიც რამდენიმე სახელის გამოცხადებას მოჰყვა. 

და ეს ადამიანები, რომელთა [ვინაობაც გამჟღავნდა], ევროკავშირსა და NGO-ებს ურეკავდნენ იმის შესახებ, თუ "როგორ გამოვიდეთ ამ სიიდან". - თქვა ამორმა. 

ცნობისთვის, ესპანელმა ევროპარლამენტარმა საქართველოს საკითხზე, კერძოდ, ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიებსა და ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზე 2 ივნისს ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის რიგგარეშე სხდომაზეც ისაუბრა. 

ამორი ამბობდა, რომ ერთადერთი ბერკეტი, რომელიც ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ გააჩნია, სანქციებია, ვინაიდან წარსულში არათუ სანქციებმა, არამედ "მხოლოდ რამდენიმე სახელის ხსენებამ, რომლებიც სამომავლო სანქციები შესაძლო სამიზნეები იყვნენ, მაშინვე გამოიწვია გარკვეული რეაქცია". 

კომენტარები