უნგრეთი

ორბანის Fidesz-მა უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების შემზღუდავ კანონზე კენჭისყრა გადადო

ვიქტორ ორბანი
Photo: Simon Wohlfahrt/AFP via Getty Images

გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, უნგრეთის მმართველი პარტიის მაღალჩინოსანმა თქვა, რომ პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის პარტიამ პარლამენტში "უცხოეთიდან დაფინანსებული ჯგუფების გამჭვირვალობის" კანონპროექტზე დებატები და კენჭისყრა გადადო, რომელიც ივნისის შუა რიცხვებისთვის იყო ჩანიშნული.

ორბანის პარტია "ფიდესმა" კანონპროექტი პარლამენტში 14 მაისს წარადგინა და იგი იმ ორგანიზაციების სიის შექმნას ითვალისწინებს, რომლებიც უცხოეთიდან იღებენ დაფინანსებას. კანონპროექტით ასევე შესაძლებელი იქნება მათი შეზღუდვა ან დახურვაც კი, თუკი განისაზღვრება, რომ ისინი "უნგრეთის სუვერენიტეტს ან კულტურას საფრთხეს უქმნიან". 

აღნიშნული კანონპროექტი მასშტაბურად გააკრიტიკეს გამოცემებმა, სამეცნიერო-კვლევითმა ორგანიზაციებმა და სამოქალაქო უფლებების დამცველმა ჯგუფებმა. კანონპროექტის წარდგენის შემდეგ უნგრეთის ქუჩებში დაიწყო საპროტესტო აქციები, ხოლო ევროპული ახალი ამბების გამოცემების რედაქტორებმა ხელი მოაწერეს პოზიციას, რომელშიც ორბანს კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდეს. 

ამასთანავე, 4 ივნისს გამოქვეყნებულ წერილში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა უნგრელ დეპუტატებს კანონპროექტის შესწორებისკენ ან მხარის არ დაჭერისკენ მოუწოდა. 

აღნიშნული კანონპროექტი საშუალებას აძლევს  სუვერენიტეტთან დაკავშირებულ სამსახურს (SPO), შექმნას იმ უცხოური დაფინანსების მქონე იურიდიული პირების სია, რომელთა საქმიანობაც უნგრეთის სუვერენიტეტისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

თუ SPO-ს მიჩნევს, რომ ორგანიზაციის საქმიანობა "ძირს უთხრის უნგრეთის დამოუკიდებელ, დემოკრატიულ და სამართლის უზენაესობაზე დამყარებულ ბუნებას" ან არღვევს უნგრეთის კონსტიტუციურ იდენტობას ან ქრისტიანულ კულტურას, ის ამ სიაში მოხვდება.

კანონპროექტის მიხედვით, საფრთხედ ჩაითვლება ოჯახის, ქორწინებისა და ბიოლოგიური სქესის პრინციპებთან წინააღმდეგობაც.

სიაში შესული ორგანიზაციების საბანკო ანგარიშები მონიტორინგს დაექვემდებარება და შესაძლებელი იქნება უცხოეთიდან მიღებული ფულადი რესურსების დაბლოკვა.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ხელისუფლებას საშუალება ექნება, შეამოწმოს ორგანიზაციების ოფისები, დოკუმენტები და ელექტრონული მოწყობილობები.

უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციები იძულებულები იქნებიან უცხოეთიდან მიღებულ თანხაზე 25-ჯერ მეტი ოდენობის ჯარიმა გადაიხადონ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის გადახდას ვერ შეძლებენ 15 დღის ვადაში საქმიანობა უნდა შეწყვიტონ.

სუვერენიტეტის დაცვის ოფისი უნგრეთის მთავრობის მიერ 2023 წელს შეიქმნა და მისი მიზანი "უცხოური ჩარევის" მონიტორინგი იყო.

კომენტარები