შვედეთის საელჩო განცხადებით ეხმაურება ქართული ოცნების მიერ მიღებულ და უკვე ამოქმედებულ "FARA"-ს კანონს და წერს, რომ შვედეთის მთავრობის მიერ სპეციალური გამოძიების თავმჯდომარის დანიშვნის პროცესი, რაც მიზნად დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს, "მკვეთრად განსხვავდება" საქართველოში მიღებული კანონისგან.
"შვედეთის მთავრობამ დანიშნა სპეციალური გამოძიების თავმჯდომარე, რომელიც შეაფასებს, უნდა აიკრძალოს თუ არა შვედეთში ექსტრემისტულ და სხვა ანტიდემოკრატიულ მიზნებთან დაკავშირებული საქმიანობის უცხოური დაფინანსება და ასევე შესთავაზებს ასეთი აკრძალვის მარეგულირებელ ჩარჩოს. ამის მიზანია შვედეთის დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორიცაა ტერორისტული და ძალადობრივი ექსტრემიზმის აქტების დაცვა ან ძალადობრივი ქმედებებისა და დივერსიის წახალისება. გამოძიების თავმჯდომარეს ასევე ევალება, ისეთი შეთავაზების უზრუნველყოფა, რომელიც შვედეთის კონსტიტუციას, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ადამიანის უფლებათა სხვა ვალდებულებებსა და მოთხოვნებს შეესაბამება.
ეს პროცესი მკვეთრად განსხვავდება „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტისგან“, რომელიც ეხება ყველანაირ უცხოურ დაფინანსებას, მისი მიზნობრიობის მიუხედავად და რომელიც მიღებულ იქნა ნაჩქარევად, სათანადო საჯარო კონსულტაციების გარეშე. ვენეციის კომისიამ ასევე დაასკვნა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით დაწესებული შეზღუდვები არ აკმაყოფილებს დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონიერების, ლეგიტიმურობისა და საჭიროებების მოთხოვნებს და მკაცრად ურჩია საქართველოს ხელისუფლებას მისი გაუქმება. პლურალისტური და მშვიდობიანი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა კი, მნიშვნელოვანი პრიორიტეტული სფეროა შვედეთის გრძელვადიანი რეფორმების თანამშრომლობისთვის საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიის განვითარებისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის ხელშეწყობას." - წერია საელჩოს განცხადებაში.
ივანიშვილის რეჟიმის მიერ მიღებული "FARA"-ს კანონი 31 მაისიდან ამოქმედა. მისი აღმასრულებელი ანტიკორუფციული ბიურო იქნება.
განსაზღვრულ მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონპროექტით გათვალისწინებულია ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 5 წლამდე ვადით.





