რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პუტინმა უარყო ზელენსკის წინადადება სამშვიდობო სამიტისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

ვლადიმირ პუტინი აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე, 2024 წლის 5 სექტემბერი.
РИА «Новости»

ვლადიმირ პუტინმა 4 ივნისს უარყო უკრაინის მოწოდებები დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებასა და უმაღლეს დონეზე სამიტის გამართვის შესახებ. 

მთავრობის კაბინეტის შეხვედრაზე, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინას "ტერორისტული აქტების ორგანიზებაში" დასდო ბრალი და უარყო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმი ზელენსკის სამშვიდობო პირობები. 

"როგორ შეიძლება ამ პირობებში ასეთი მოლაპარაკებების გამართვა? რაზეა სალაპარაკო? ვინ მართავს მოლაპარაკებებს მათთან, ვინც ფსონს ტერორზე დებს - ტერორისტებთან?" - თქვა პუტინმა. 

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა უარყო რუსეთის მოთხოვნები და მათ "ულტიმატუმი" უწოდა, რომელზე დათანხმებაც, მისი თქმით, უკრაინის დანებების ტოლფასია.

2 ივნისს სტამბოლში უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა, სადაც რუსულმა მხარემ წინა დღეებში შეპირებული "მემორანდუმი" წარადგინა, რომელშიც ისინი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად უკრაინისგან მაქსიმალისტური მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვდნენ. 

"ამას მემორანდუმს ვერ დავუძახებთ," თქვა ზელენსკიმ: "ეს ულტიმატუმია, რომლის თავსმოხვევასაც რუსეთი ჩვენზე ცდილობს". 

"ჩვენ მზად ვართ პატიმრების გასაცვლელად, მაგრამ უაზრო მგონია სტამბოლში დიპლომატიური შეხვედრების გაგრძელება, რომლებიც არაფერს აგვარებს". 

თავის მხრივ, პუტინმა უკრაინულ მხარეს რუსეთში სარკინიგზო ხაზებზე იერიშების მიტანით "მოლაპარაკებების პროცესის" ჩაშლაში დასდო ბრალი. მისი თქმით, უკრაინა "ტერორისტული აქტების" მოწყობაზე გადაერთო იმ ფონზე, როცა უკრაინას ბრძოლის ველზე "დიდი დანაკარგები აქვს" და "უკან იხევს". 

ცნობისთვის, 1-ელ ივნისს რუსეთში ორი სარკინიგზო ხიდი აფეთქების შედეგად დაინგრა, მათგან ერთი კურსკის, მეორე კი ბრიანსკის ოლქში. 

ამავე დღეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაციის ფარგლებში უკრაინამ რუსეთის ოთხ აეროდრომზე (მურმანსკის, ივანოვოს, რიაზანის და ირკუტსკის ოლქებში) ჯამში 41 სტრატეგიული ბომბდამშენი დააზიანა ან გაანადგურა. უწყების მტკიცებით, სპეცოპერაციის შედეგად რუსეთს $7 მილიარდის ღირებულების ზარალი მიადგა.

პუტინის განცხადებების შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან "კარგი" სატელეფონო საუბარი ჰქონდა, თუმცა დაამატა, რომ ეს მყისიერ მშვიდობას არ მოიტანს. 

აშშ-ს პრეზიდენტმა დაწერა, რომ პუტინთან საუბრისას მან რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე უკრაინის მიერ დრონებით მიტანილი იერიში განიხილა. ამასთანავე, ტრამპის თქმით, პუტინმა მას "ძალიან მტკიცედ" უთხრა, რომ რუსეთს აეროდრომებზე უკრაინის იერიშისთვის პასუხის გაცემა მოუწევს. 

კომენტარები