პუტინის რუსეთი

მოსკოვის ცენტრში ჩეჩენმა ძალოვანებმა კაცი გაიტაცეს, გროზნოში ამას "დაკავება" უწოდეს

3 ივნისს მოსკოვის ცენტრში, იაროსლავის სადგურთან ბიზნესმენი, არეგ შჩეპიხინი გაიტაცეს. თავდასხმის კადრები რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა.

ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ კაცი ხალხმრავალ ადგილას გამვლელებს დახმარებას და პოლიციის გამოძახებას თხოვს, გამტაცებლები კი მას მერსედესის მარკის ავტომობილის საბარგულში აგდებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მანქანა, რომლითაც შჩეპიხინი წაიყვანეს, მოგვიანებით პოლიციის თანამშრომლებმა მოსკოვშივე გააჩერეს, თუმცა, გატაცებული ავტომობილში აღარ იმყოფებოდა.

ტელეგრამ-არხი Shot-ის ცნობით, 6 სავარაუდო გამტაცებელი პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. მათგან სამმა კი აღნიშნა, რომ ეროვნული გვარდიის თანამშრომლები არიან.

მოგვიანებით, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიტიკის მინისტრმა, აჰმედ დუდაევმა ტელეგრამ-არხზე განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ არეგ შჩეპიხინი "კი არ გაიტაცეს, არამე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა დააკავეს, რომლებიც მოსკოვის პროფილურ უწყებებთან ურთიერთქმედებაში არიან".

დუდაევის თქმით, შჩეპიხინის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს, საჯარო "მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის მიზნით ჩადენილი საჯარო ქმედებების" ბრალდებით. გარდა ამისა, დუდაევის თქმით, ბიზნესმენს, შესძლოა, ნაციზმის რეაბილიტაციაში, ექსტრემიზმისკენ საჯაროდ მოწოდებაში და სიძულვილის წაქეზებაშიც წარუდგინონ ბრალი.

რუსული მედიის ცნობით, შჩეპიხინი Instagram-ზე აქვეყნებდა ვიდეობლოგებს, სადაც იგი ჩეჩნებსა და ისლამზე უარყოფით კონტექსტში საუბრობდა.

კომენტარები