საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ პროცესზე დასწრება სავალდებულო აღარ არის

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2025 წლის 28 მაისს, გადაწყვეტილება მიიღო სარჩელზე "ალექსანდრე კობაიძე და მირანდა შალამბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადება საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

ახალი გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 252-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადება: "ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დასწრება სავალდებულოა. თუ ეს პირი თავს არიდებს შინაგან საქმეთა ორგანოს ან ადმინისტრაციული სასამართლოს (მოსამართლის) გამოძახებით გამოცხადებას, იგი შეიძლება იძულებით იქნეს მიყვანილი შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ".

საკონსიტუციო სასამართლოს კოლეგიის შემადგენლობაში იყვნენ მოსამართლეები - მანანა კობახიძე, ირინე იმერლიშვილი და თეიმურაზ ტუღუში.

"მხარეთა პოზიციების შეჯერებისა და გასაჩივრებული რეგულაციის ანალიზის შედეგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული საფუძვლით, პირისათვის თავისუფლების უფლების შეზღუდვას არ გააჩნდა საჯარო ლეგიტიმური მიზანი და ატარებდა თვითნებურ ხასიათს. შესაბამისად, სადავო ნორმა წარმოადგენდა თავისუფლების უფლების შეზღუდვის თვითმიზნურ საშუალებას, რის გამოც იგი არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ, როდესაც სადავო ნორმის საფუძველზე, თავისუფლების უფლების შეზღუდვა იმთავითვე გაუმართლებელი და კონსტიტუციასთან შეუსაბამოა, მოსარჩელის უფლების დაცვის კონტექსტში, არანაირი დამატებითი ღირებულება არ აქვს იმის დამოუკიდებლად შეფასებას, იყო თუ არა შეზღუდვისას დაცული საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის სხვადასხვა პუნქტებით გათვალისწინებული პროცესუალური გარანტიები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმა აღარ საჭიროებდა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით დამოუკიდებლად შეფასებას" - ნათვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აღნიშნული ნორმა ასევე მოიცავს იმ მუხლებს, რომლითაც ძირითად შემთხვევაში, საპროტესტო აქციის მონაწილეებს აკავებენ: პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულიგნობა.

შესაბამისი ცვლილება ძალაში უკვე შევიდა და აისახა საკანონმდებლო მაცნეშიც.

 

კომენტარები