ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი რუსეთის სტრატეგიულ ავიაციაზე უკრაინის იერიშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ძლიერი და კარგად შეიარაღებული უკრაინის მოკავშირეობა ევროპის უსაფრთხოების ინტერესებში შედის.
ამის შესახებ ლიპავსკიმ X-ზე დაწერა.
ლიპავსკიმ თქვა, რომ უკრაინის იერიშის შემდეგ მოელის, რომ რუსული სტრატეგიული ავიაცია NATO-ს საჰაერო სივრცეს "30%-ით ნაკლები ალბათობით" დაარღვევს.
"რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის დღევანდელი იერიშის შემდეგ რუსული სტრატეგიული თვითმფრინავები 30%-ით ნაკლები ალბათობით დაარღვევენ NATO-ს საჰაერო სივრცეს. მტკიცდება, რომ ჩვენს უსაფრთხოების ინტერესში შედის, მოკავშირედ ძლიერი, მედეგი და კარგად შეიარაღებული უკრაინა გვყავდეს". - წერს ლიპავსკი.
1 ივნისს, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.
დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით მედიაში მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის სახელია "აბლაბუდა".
"ამ ისტორიული სპეცოპერაციის მონაწილე ადამიანები უკვე დიდი ხანია უკრაინაში იმყოფებიან.
ამიტომ, თუ პუტინის რეჟიმი საჩვენებლად ვინმეს დააკავებს, ეს იქნება მორიგი, შიდა აუდიტორიისთვის გათამაშებული სპექტაკლი" - თქვა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა.
მოგვიანებით, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაცია "აბლაბუდას" შესახებ განცხადებას გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ოპერაციის შედეგად მეტოქემ $7 მილიარდის ზარალი მიიღო.





