რუსეთში განვლილ 24 საათში კიდევ ერთი ხიდი დაინგრა. შემთხვევა კურსკის ოლქში მოხდა, როდესაც ხიდზე სატვირთო მატარებელი გადაადგილდებოდა.
მატარებელი და ხიდის ნამსხვრევები საავტომობილო გზას დაეცა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
პირველი ხიდი ბრიანსკის ოლქში 31 მაისის საღამოს დაინგრა. ნანგრევები ხიდის ქვეშ მიმავალ მატარებელს დაეცა.
ბრიანსკში დაიღუპა 7 და დაშავდა 90-მდე ადამიანი.
კურსკის შემთხვევის შემდეგ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განცხადება გააკეთა, რომლის თანახმად ორივე ხიდი აფეთქებულია და გამოძიება ტერაქტის მუხლით აღიძრა.
"2025 წლის 31 მაისს, 22:50 საათზე ბრიანსკის ოლქში აფეთქების შედეგად საავტომობილო ხიდი დაინგრა.
2025 წლის 1 ივნისს, ღამის 3 საათზე კურსკის ოლქში კიდევ ერთი ხიდი აფეთქდა". – წერია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.
რუსი სამხედრო კორესპონდენტები Telegram-არხებში წერენ, რომ ბრიანსკში ხიდი შესაძლოა უკრაინულმა სპეცსამსახურებმა ააფეთქეს.
როგორც რამდენიმე Z-პროპაგანდისტი წერს, რამდენიმე დღის წინ, ხიდთან ახლოს, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, უკრაინული დივერსიულ-მზვერავი ჯგუფი შენიშნეს, თუმცა ოფიციალურმა პირებმა ინფორმაციას ყალბი უწოდეს.





