საფრანგეთი

ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ პარიზში პოლიციამ 300-მდე ადამიანი დააკავა

1 ივნისს პარი სენ-ჟერმენის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვების შემდეგ პარიზში პოლიციასა და გულშემატკივრებს შორის შეტაკებების დროს 300-მდე ადამიანი დააკავეს.

სამართალდამცავების მონაცემებით, შანზ-ელიზეს გამზირსა და PSG-ს სტადიონ "პარკ დე პრენსთან" 50 000 ადამიანი იყო შეკრებილი. 

გულშემატკივრებმა გამოიყენეს პიროტექნიკა, დაამტვრიეს ავტობუსის გაჩერებები და ცეცხლი წაუკიდეს ავტომობილებს. საფრანგეთის დედაქალაქში 5 400 პოლიციელი იყო მობილიზებული.

პარიზის პოლიციის ცნობით, დაკავებულთა უმრავლესობა პიროტექნიკის ფლობასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.

"სამართალდამრღვევები ცდილობდნენ ინციდენტების პროვოცირებას და დიდი მაშხალებისა და სხვა საგნების სროლით პოლიციას რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ". - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

შეტაკებები მოხდა პარიზის შემოვლით გზაზეც, სადაც სულ მცირე ორი ავტომობილი დაწვეს.

"PSG-ს ნამდვილი გულშემატკივრები დღეს მათი გუნდის დიდებულ თამაშს აღნიშნავენ. ამავდროულად, ბარბაროსები დანაშაულის ჩადენისა და პოლიციის პროვოცირების მიზნით ქუჩაში გამოდიან". - წერს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ბრუნო რეტაიო.

PSG დღეს პარიზში, შანზ-ელიზეზე გამარჯვების აღლუმს გამართავს.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განაცხადებით, ემანუელ მაკრონი გამარჯვებულებს პირადად უმასპინძლებს.

კომენტარები