საქართველო-რუსეთი

მივწვდებით, მეზობლის დროშის პატივისცემას და დაკოცვნას ვაიძულებთ – ფიფია გეწაძეზე

მამუკა ფიფია

პრორუსული პარტიის, სოლიდარობა მშვიდობისთვის, ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ფიფია მუსიკოს ერეკლე გეწაძეს ემუქრება. მან მომღერლის პერფორმანსზე კომენტარი 25 მაისს, კრემლისტურ მედია Известия-სთან გააკეთა.

28 მაისს Известия-ს ტელეგრამ არხზე გამოქვეყნებული ვიდეო საკუთარ არხზე გადააზიარა რამზან კადიროვის სპეცრაზმი ახმატის მეთაურმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური საქმიანობის მთავარი სამმართველოს მეთაურის მოადგილემ, აპტი ალაუდინოვმა.

ფიფიას თქმით, გეწაძეს მისწვდებიან და "მეზობლების" დროშების პატივისცემასა და რუსული დროშის დაკოცვნას აიძულებენ.

"მან მოთხოვნილება დაიკმაყოფილა არა უბრალოდ რუსულ დროშაზე, არამედ, პირველ რიგში, იქ მყოფებსა და ქართველ ერზე, საკუთარ წინაპრებზე, პირველ რიგში, რადგან ასეთ ნაძირალა რომ ეყოლებოდათ შთამომავალი, ალბათ არ ელოდნენ, მაგრამ ეს შთამომავალი კი არა ნაძირალაა სინამდვილეში. და ასეთ მახინჯებს არ გამოუვათ შუღლი ჩააგდონ ჩვენს ერებსა და ჩვენს ქვეყნებს შორის. 

დასავლეთი ამ დაახლოებას ხედავს, დიდი ხანი აკვირდება, ეს გუშინ არ დაწყებულა. ეს უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. იცით, როგორ ვმოძრაობთ ერთმანეთისგან. ეს მათ ძალიან აშინებთ. ამ ადამიანმა მიიღო შეკვეთა გარედან, საკუთარი კურატორებისგან და აი, ასეთი პროვოკაციაა. ჩვენ ვთვლით, რომ ამ ადამიანმა, პირველ რიგში, შეურაცხყო ქართველი ერი. ჩვენ ცუდად ვზრდიდით ახალგაზრდებს. ასეთი ნაძირლები ბევრნი არ არიან. ჩვენ ვუმკურნალებთ ასეთ ადამიანებს ნებაყოფლობით-დაძალებით. მასაც მივწვდებით და ვუმკურნალებთ, ვაიძულებთ პატივი სცეს თავის დროშასაც და მეზობლის დროშებსაც და ვაიძულებთ ეს დროშები დაკოცნოს." - თქვა ფიფიამ.

Известия დაუკავშირდა მუსიკოს თემურ თათარაშვილსაც, რომელმაც გეწაძის პერფორმანსს პროვოკაცია უწოდა, დაგმო და თქვა, რომ მომხდარმა ხელი არ უნდა შეუშალოს რუსი და ქართველი ხალხის ურთიერთობას.

მამუკა ფიფია ღიად პრორუსული და პუტინისტური პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის ერთ-ერთი ლიდერია. ეს პოლიტიკური ჯგუფი გასულ წელს რუსეთთან ახალი გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებასაც ითხოვდა. ფიფია პროდუქტებით ეხმარება უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლ რუს ოკუპანტებსაც.

 25 მაისს, Tbilisi Open Air-ის სცენაზე, მუსიკოსმა ერეკლე გეწაძემ, პერფორმანსი გამართა, რომლის ფარგლებში რუსეთის დროშაზე მოშარდვის იმიტაცია გააკეთა.

მომღერლის პერფორმანს მალევე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა:

"ჯერ ერთი დროშა დროშად რჩება, რომელმა შეშლილმაც მას არ უნდა უქნას რამე. მეორე, ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები ამ აღმაშფოთებელ ქმედებას სათანადო შეფასებას მისცემს.

და პირადად ჩემგან: როდესაც ღმერთმა კაცს ტვინი არ მისცა, სხვა ორგანოებით უწევს მუშაობა, ამ შემთხვევაში იმ ორგანოთი, რომელიც ხშირად უვარდება ხელში". 

გარდა ამისა, ქართველ მუსიკოსს პერფორმანსი დაუწუნეს ქართული ოცნების წარმომადგენელმა დიმიტრი სამხარაძემ და რუსეთში საქართველოს ნაციონალურ-კულტურული ფედერალური ავტონომიის, ანუ ქართული დიასპორის პრეზიდენტმა, პუტინისტმა ბიზნესმენმა დავით ცეცხლაძემ, ხოლო, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბასტრიკინმა, საკუთარ უწყებას ერეკლე გეწაძის პერფორმანსის გამოძიება დაავალა.

27 მაისს ირაკლი კობახიძემ ერეკლე გეწაძის პერფორმანსს უკულტურობა უწოდა. მისი ეს სიტყვები შემდეგში რუსეთის კომუნისტური პარტიის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა მოიწონა.

 

კომენტარები