რუსეთის დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი ირაკლი კობახიძის მიერ ერეკლე გეწაძის პერფორმანსის შეფასებას გამოეხმაურა და დადებითად შეაფასა.
"თბილისში სცენაზე მომღერალი ერეკლე გეწაძის დროშით გამოსვლა გამოიყურება არა როგორც სიმამაცედ, არამედ ბანალურ სითავხედედ, რომელიც ეპატაჟის კაშკაშა შეფუთვაშია გახვეული. სწორად მოიქცა ირაკლი კობახიძე, რომ ინციდენტი დაგმო." - თქვა რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის დეპუტატმა.
ამას გარდა, გავრილოვის თქმით, რუსეთსა და საქართველოს აკავშირებს "საერთო ისტორიის საუკუნეები, ნათესავები, ენა, ტრადიციები" და, მისივე აზრით, გეწაძის ქმედებას "ნამდვილ ქართულ ღირებულებებთან არაფერი აქვს საერთო".
"ქართული კულტურა ეს არაა. [ქართული კულტურა] არის სუფრა, რომელთანაც გამოინახება ადგილი ძველი მეგობრისთვისაც და მისთვისაც, ვისთანაც დავა გქონდა. [ქართული კულტურა] არის სადღეგრძელო, რომელსაც ჯერ უსმენენ და შემდეგ ამბობენ. [ქართული კულტურა] არის პატივისცემა, რომლის შოუთი ჩანაცვლებაც არ შეიძლება." - თქვა გავრილოვმა.
რუსმა დეპუტატმა გეწაძის პერფორმანსს "უნიჭო თვითპიარი" უწოდა და თქვა, რომ ის რეალური პოლიტიკური განსხვავებული შეხედულებისგან უნდა განაცალკეონ.
"ეს არაა გამოხატვის თავისუფლება, ეს არის სრული უტვინობა, პირდაპირი და სულელური შეურაცხყოფა." - დაამატა გავრილოვმა.
27 მაისს ირაკლი კობახიძემ ერეკლე გეწაძის პერფორმანსს უკულტურობა უწოდა. მან თქვა: "ჩემთვის საინტერესო არ არის რა კომენტარს აკეთებს რუსული მხარე, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რა მნიშვნელობა აქვს იქ რა დროშაზეა საუბარი, როდესაც გამოდიხარ რამდენიმე ათასი ადამიანის წინაშე და ასეთ რაღაცას აკეთებ, ეს ნამდვილად არ შეესაბამება ქართულ კულტურას, ეს არის უბრალოდ უკულტურობა".
25 მაისს, Tbilisi Open Air-ის სცენაზე, მუსიკოსმა ერეკლე გეწაძემ, პერფორმანსი გამართა, რომლის ფარგლებში რუსეთის დროშაზე მოშარდვის იმიტაცია გააკეთა.
მომღერლის პერფორმანს მალევე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა:
"ჯერ ერთი დროშა დროშად რჩება, რომელმა შეშლილმაც მას არ უნდა უქნას რამე. მეორე, ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები ამ აღმაშფოთებელ ქმედებას სათანადო შეფასებას მისცემს.
და პირადად ჩემგან: როდესაც ღმერთმა კაცს ტვინი არ მისცა, სხვა ორგანოებით უწევს მუშაობა, ამ შემთხვევაში იმ ორგანოთი, რომელიც ხშირად უვარდება ხელში".
გარდა ამისა, ქართველ მუსიკოსს პერფორმანსი დაუწუნეს ქართული ოცნების წარმომადგენელმა დიმიტრი სამხარაძემ და რუსეთში საქართველოს ნაციონალურ-კულტურული ფედერალური ავტონომიის, ანუ ქართული დიასპორის პრეზიდენტმა, პუტინისტმა ბიზნესმენმა დავით ცეცხლაძემ.
ასევე, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბასტრიკინმა, საკუთარ უწყებას ერეკლე გეწაძის პერფორმანსის გამოძიება დაავალა.
2019 წლის ივნისში დიდი საპროტესტო ტალღა მოჰყვა საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოჩენასა და მის პარლამენტის თავმჯდომარის ადგილზე დაჯდომას. გავრილოვი საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში მოიწვიეს, როგორც ასამბლეის პრეზიდენტი. ასამბლეაზე ქართულ მხარეს ქართული ოცნების დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი წარმოადგენდა. სწორედ მან მოიწვია საქართველოში გავრილოვი და სხვა რუსი დეპუტატები, რომლებიც ქალაქში სახელმწიფო დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდნენ.
19 ივნისს ჩატარებულ სხდომას ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
პროტესტის ნიშნად პარლამენტის წინ ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი. პოლიციამ და სპეცრაზმმა გაფრთხილების გარეშე, ძალადობრივი გზით დაშალა მომიტინგეები. კლინიკებში გადაიყვანეს 240 პირი.
საპროტესტო აქციების დარბევის დროს ორმა მოქალაქემ, მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა თვალი დაკარგა, დაშავდნენ ჟურნალისტებიც.





