აშშ-ჩინეთი

რუბიო: აშშ ჩინელი სტუდენტების ვიზების გაუქმებას დაიწყებს

მარკო რუბიო
CNN.com

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ჩინელი სტუდენტებისთვის, მათ შორის მათთვის, ვისაც  ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან აქვს კავშირი ან სტრატეგიულად მნიშვნელოვან სფეროებში სწავლობს, ვიზების გაუქმებას დაიწყებს.

Reuters წერს, რომ თუ ეს გადაწყვეტილება ასობით ათას ჩინელ სტუდენტზე გავრცელდება, რომლებიც ამერიკულ უნივერსიტეტებში სწავლობენ, ამან შეიძლება სერიოზულად დააზარალოს ამერიკული უნივერსიტეტები, რომლებისთვისაც ეს მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა და ასევე, შეაფერხოს იმ ნიჭიერი კადრების შემოდინება, რომლებიც აშშ-ს ტექნოლოგიური კომპანიებისთვის აუცილებელია.

Reuters-ის ცნობით განცხადებაში რუბიომ ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ვიზების გაცემის კრიტერიუმებსაც გადახედავს, რათა ჩინეთისა და ჰონგ-კონგის მოქალაქეებისთვის მომავალში გაცემული ვიზების კონტროლი გაძლიერდეს.

გამოცემა იუწყება, რომ ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს ამ თემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადრე პირობა დადო, რომ თავისი მოქალაქეების "უფლებებსა და ინტერესებს" უცხოეთში "მტკიცედ დაიცავს", მას შემდეგ რაც ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს უცხოელი სტუდენტების, რომელთა დიდი ნაწილი ჩინელია, აყვანის უფლება გაუუქმა.

კომენტარები