ოქროს გუმბათი

აშშ-ს "ოქროს გუმბათის" პროექტი სტრატეგიულ სტაბილურობას ძირს უთხრის – რუსეთის საგარეო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კრიტიკულად გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ "ოქროს გუმბათის" სარაკეტო თავდაცვის სისტემის პროექტს. რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, პროექტი "სტრატეგიულ სტაბილურობას ძირს უთხრის". 

"'ოქროს გუმბათის' მშენებლობის ფარგლებში დაგეგმილია დამატებითი ბიძგის მიცემა გასაშვებად მომზადებული სარაკეტო იარაღის განადგურების საშუალებების შემდგომი განვითარებისთვის, ინფრასტრუქტურა მათ გამოყენებას უზრუნველყოფს.

ეს უკვე ე.წ. პრევენციული, თუმცა სინამდვილეში პირველი განმაიარაღებელი დარტყმების განხორციელებაზე აშშ-ს უკიდურესად სახიფათო დოქტრინული პოზიციის არსებითი გამოხატულებაა. ეს რისკიანი მიდგომაა და წარმოადგენს სტრატეგიული სტაბილურობის საფუძვლებისთვის პირდაპირ ძირის გამოთხრას". - თქვა ზახაროვამ. 

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ასევე აღნიშნა, ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ "ოქროს გუმბათი" პირდაპირ ითვალისწინებს კოსმოსში საბრძოლო ოპერაციების განსახორციელებლად მთელი რიგი საშუალებების გაძლიერებას, მათ შორის, ორბიტაზე რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის გაშვებით. 

"ასეთი ქმედებები მიმართულია კოსმოსში, კოსმოსიდან ან კოსმოსთან მიმართებით ძალის ან ძალის მუქარის გამოყენების შესაძლებლობის უზრუნველყოფისთვის, რაც [კოსმოსს] ხდის გარემოს იარაღის განლაგებისთვის და არენას – შეიარაღებული კონფლიქტისთვის". - თქვა ზახაროვამ. 

20 მაისს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისტორიაში პირველი კოსმოსური თავდაცვის სისტემის, "ოქროს გუმბათის" პროგრამის დაწყება დააანონსა. 

"ჩემთვის პატივია, გამოვაცხადო, რომ ოფიციალურად შევარჩიეთ შესაბამისი არქიტექტურა ამ უახლესი სისტემისთვის, რომელიც შემდეგი თაობის ტექნოლოგიებს განალაგებს ხმელეთზე, ზღვაში და კოსმოსში. მათ შორის, კოსმოსური ბაზირების სენსორებსა და გამანადგურებლებს. [...] დასრულების შემდეგ, ოქროს გუმბათს შეეძლება რაკეტების განადგურება, მაშინაც კი, თუ მათ მსოფლიოს მეორე ბოლოდან, ან, თუნდაც კოსმოსიდან გაისვრიან" – ამბობს ტრამპი. 

პრეზიდენტის თქმით, პროგრამა დაახლოებით სამ წელში დასრულდება, ხოლო მისი სრული ხარჯი $175 მილიარდს შეადგენს. ტრამპის თქმით, თავდაპირველად პროგრამის დასაწყებად $25 მილიარდი იქნება საჭირო, რისთვისაც შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებულია კონგრესში წარსადგენად. 

ტრამპმა აშშ-ს შეიარარებულ ძალებს ისრაელის რკინის გუმბათის მსგავსი ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნა მიმდინარე წლის 27 იანვარს დაავალა. ტრამპი აღნიშნავს, რომ ბირთვული თავდასხმებისგან ეფექტური თავდაცვის სისტემის შექმნის იდეა პირველად პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა წამოწია 1983 წელს, თუმცა, იმ პერიოდში შესაბამისი ტექნოლოგიები არ არსებობდა. 

პროექტის დაწყება, რუსეთის გარდა, მკაცრად გააკრიტიკა ჩინეთმა და ჩრდილოეთ კორეამ. 

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის კვლევების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რომ აშშ-ს მიერ "ოქროს გუმბათის" პროგრამის დაწყება "კოსმოსში ბირთვული ომის სცენარის ნაწილია".

"ამერიკა უპირველეს ყოვლისა" დოქტრინის, თვითკმაყოფილების, ამპარტავნებისა და მბრძანებლური ქცევის ტიპიური პროდუქტია. ეს არ არის "თავდაცვითი ზომები" ვინმესგან "საფრთხის" თავიდან ასარიდებლად, არამედ ეს არის კოსმოსში ბირთვული ომის სცენარი, რომელიც ხელს უწყობს უნიპოლარულად დომინირებისთვის აშშ-ს მიერ შემუშავებულ სტრატეგიას" – წერია ანგარიშში. 

ხოლო ჩინეთმა 21 მაისს ვაშინგტონს მოუწოდა, ხელი აეღო სარაკეტო თავდაცვის ფარის განვითარებასა და დანერგვაზე. 

ჩინეთის საგარეო უწყების სპიკერი ამბობდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ $175-მილიარდიანი "ოქროს გუმბათის" სარაკეტო ფარის სისტემის დაანონსება "ძირს უთხრიდა გლობალურ სტაბილურობას". 

"ეს ძირს უთხრის გლობალურ სტრატეგიულ ბალანსსა და სტაბილურობას. ჩინეთი სერიოზულ შეშფოთებებს გამოთქვამს ამის შესახებ. ჩვენ აშშ-ს მოვუწოდებთ, რაც შეიძლება მალე აიღოს ხელი გლობალური სარაკეტო თავდაცვის სისტემის განვითარებასა და დანერგვაზე". - განაცხადა მაო ნინგმა პრესბრიფინგზე. 

კომენტარები