ერეკლე გეწაძე

ეს არის უბრალოდ უკულტურობა – კობახიძე ერეკლე გეწაძის პერფორმანსზე

ივანიშვილის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს "რა დროშაზეა საუბარი", მომღერალი ერეკლე გეწაძის პერფორმანსი "არ შეესაბამება ქართულ კულტურას". 

"ჩემთვის საინტერესო არ არის რა კომენტარს აკეთებს რუსული მხარე, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რა მნიშვნელობა აქვს იქ რა დროშაზეა საუბარი, როდესაც გამოდიხარ რამდენიმე ათასი ადამიანის წინაშე და ასეთ რაღაცას აკეთებ, ეს ნამდვილად არ შეესაბამება ქართულ კულტურას, ეს არის უბრალოდ უკულტურობა".- თქვა ივანიშვილის პრემიერმა.

ცნობისთვის, 25 მაისს, Tbilisi Open Air-ის სცენაზე, მუსიკოსმა ერეკლე გეწაძემ, პერფორმანსი გამართა, რომლის ფარგლებში რუსეთის დროშაზე მოშარდვის იმიტაცია გააკეთა.

მომღერლის პერფორმანს მალევე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა:

"ჯერ ერთი დროშა დროშად რჩება, რომელმა შეშლილმაც მას არ უნდა უქნას რამე. მეორე, ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები ამ აღმაშფოთებელ ქმედებას სათანადო შეფასებას მისცემს.

და პირადად ჩემგან: როდესაც ღმერთმა კაცს ტვინი არ მისცა, სხვა ორგანოებით უწევს მუშაობა, ამ შემთხვევაში იმ ორგანოთი, რომელიც ხშირად უვარდება ხელში". 

გარდა ამისა, ქართველ მუსიკოსს პერფორმანსი დაუწუნეს ქართული ოცნების წარმომადგენელმა დიმიტრი სამხარაძემ და რუსეთში საქართველოს ნაციონალურ-კულტურული ფედერალური ავტონომიის, ანუ ქართული დიასპორის პრეზიდენტმა, პუტინისტმა ბიზნესმენმა დავით ცეცხლაძემ.

ასევე, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბასტრიკინმა, საკუთარ უწყებას ერეკლე გეწაძის პერფორმანსის გამოძიება დაავალა.

კომენტარები