საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ხვდება, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი იტყუებოდა, როდესაც მას, ან მის წარმომადგენლებს ეუბნებოდა, რომ ის მშვიდობისთვის მზადაა.
მაკრონი იმედოვნებს, რომ ტრამპის მიერ პუტინის მიმართ გამოხატული "ბრაზი" აშშ-ს ქმედებების გადადგმისკენ უბიძგებს.
"პრეზიდენტი ტრამპი ხვდება, რომ როდესაც პრეზიდენტმა პუტინმა ტელეფონით უთხრა, რომ მშვიდობისთვის მზად იყო, ან როდესაც მის წარმომადგენლებს ეუბნებოდა, რომ მშვიდობისთვის მზად იყო - ის ატყუებდა. ბოლო საათებში ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ, როგორ გამოხატა დონალდ ტრამპმა თავისი ბრაზი. ეს ერთგვარი შეუგუებლობის ფორმა იყო. უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ეს ახლა ქმედებაში გადაითარგმნება" - თქვა მაკრონმა
მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პუტინი სრულიად შეიშალა, რადგან ის უკრაინაში "უამრავ ადამიანს უაზროდ კლავს".
ცნობისთვის, 26 მაისის ღამეს, რუსეთმა უკრაინაზე ომის დაწყების დღიდან დრონებით ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, რუსებმა 364 დრონი გამოიყენეს.
საჰაერო თავდაცვის ძალების მუშაობის შედეგად განადგურებულია 233 დრონი. გარდა ამისა, ჩამოგდებულია 9 ფრთოსანი რაკეტა.
რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური თავდასხმა 25 მაისსაც განახორციელა. 300 დრონითა და 70-მდე რაკეტით მიტანილი იერიშის შედეგად დაიღუპა 12 ადამიანი.





