თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და სირიის პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ სტამბოლში დოლმაბაჰჩეს სასახლეში შეხვედრა გამართეს.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში ნახსენებია, რომ შეხვედრას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანიც და ეროვნული თავდაცვის მინისტრიც, იაშარ გიულერიც ესწრებოდნენ. სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, SANA-ს თანახმად, შეხვედრას მათი სირიელი კოლეგებიც დაესწრნენ.
ერდოღანის ოფისის წერილობითი განცხადების თანახმად, ერდოღანმა ალ-შარაას უთხრა, რომ თურქეთი აშშ-ს მხრიდან სირიისთვის სანქციების მოხსნას მიესალმება.
გუშინ, 24 მაისს, აშშ-ს ხაზინამ ტრამპის პირობის შემდეგ სირიისთვის დაწესებული სანქციები ოფიციალურად გააუქმა.
მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მოჰამად ბინ სალმანი, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერებს ვირტუალურად შეუერთდა.
თეთრი სახლის სპიკერის კეროლაინ ლივიტის თქმით, ერდოღანმა ტრამპს სირიისთვის სანქციების მოხსნის გამო მადლობა გადაუხადა, ხოლო ბინ სალმანმა ამ ნაბიჯს "გაბედული" უწოდა.
სპიკერის თქმით, ტრამპმა ალ-შარაას უთხრა, რომ "მას უზარმაზარი შესაძლებლობა აქვს, საკუთარ ქვეყანაში ისტორიული რამ გააკეთოს".
ცნობისთვის, 13 მაისს, ტრამპმა საუდის არაბეთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სირიაზე დაწესებულ აშშ-ს სანქციებს აუქმებს, რათა ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ქვეყანას "შანსი მიეცეს."
ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ სირიის ახალი მთავრობა ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობის დამყარებას შეძლებს და მშვიდობას შეინარჩუნებს. აშშ-ს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-სირიის ურთიერთობებში ნორმალიზაციის პროცესს გაგრძელებს.
გამოცემა Bloomberg აპრილში წერდა, რომ ალ-შარაამ ამერიკელი კონგრესმენების დამასკოში ვიზიტისას აბრაამის შეთანხმებებთან შეერთების სურვილი გამოთქვა.
19 აპრილს კონგრესმენები კორი მილსი და მარლინ სტუცმანი დამასკოში აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოდან პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ. Bloomberg-ის ინფორმაციით, ალ-შარაამ მილსს შეხვედრისას უთხრა, რომ სირია "სწორი პირობების შემთხვევაში" აბრაამის შეთანხმებებთან შეერთებით არის დაინტერესებული.
აბრაამის შეთანხმებები, რომელიც ისრაელს, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს, ბაჰრეინსა და მაროკოს შორის 2020 წლის სექტემბერში გაფორმდა, არაბულ სამყაროში მშვიდობის დამყარებისა და ურთიერთობების ნორმალიზების ხელშეწყობისთვის აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ იყო ინიცირებული.