თურქეთი-სირია

ერდოღანი: იდლიბიდან წამოსული მიგრანტების ახალ ტალღას ყველა ევროპული ქვეყანა იგრძნობს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი
Reuters

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ სირიის იდლიბის პროვინციიდან ასადის რეჟიმისა და რუსეთის მიერ განხორციელებული დაბომბვის გამო თურქეთის საზღვრისაკენ 80,000-ზე მეტი ადამიანი დაიძრა. მისივე თქმით თურქეთს მიგრანტების ახალ ნაკადთან გამკლავება არ შეუძლია და ახალ ნაკადს ყველა ევროპული ქვეყანა იგრძნობს.

"თუ იდლიბის მოსახლეობის მიმართ ძალადობა არ შეწყდება, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. ამ შემთხვევაში, თურქეთი მიგრანტების ტვირთს მარტო არ ზიდავს. ამ ზეწოლის ნეგატიურ ეფექტს ყველა ევროპული ქვეყანა იგრძნობს, განსაკუთრებით - საბერძნეთი. ჩვენ მოვუწოდებთ ევროპულ ქვეყნებს სირიაში გადადგმული ლეგიტიმური ნაბიჯების გამო თურქეთის კუთხეში მომწვდევის მცდელობის ნაცვლად საკუთარი ენერგია იდლიბში მასობრივი ხოცვის შესაჩერებლად გამოიყენონ."

ერდოღანმა თქვა, რომ თუ იდლიბში ძალადობა არ შეწყდება 2015 წლის მიგრანტთა კრიზისი განმეორდება, როდესაც სირიიდან ევროპაში მილიონზე მეტი ადამიანი გაიქცა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით საკითხის განსახილველად მოსკოვში დელეგაცია გაგზავნა.

ასადის რეჟიმმა და რუსეთმა საჰაერო თავდასხმა და სახმელეთო კამპანია ოპოზიციის უკანასკნელ პოზიციებზე მიმდინარე წლის 26 აპრილს დაიწყეს. მას შემდეგ 11,500-ზე მეტი საჰაერო თავდასხმა განხორციელდა. მათ შორის გამოიყენეს იარაღი, რომელსაც საერთაშორისო კანონმდებლობა კრძალავს. თავდასხმების სამიზნეს სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის სკოლები და საავადმყოფოებიც წარმოადგენდა.

რუსეთმა და თურქეთმა გასული წლის სექტემბერში იდლიბთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც ტერიტორიაზე მათ ერთობლივი პატურლირება უნდა განეხორციელებინათ და რადიკალური ელემენტებისაგან გაეთავისუფლებინათ. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც იანვარში ტერიტორიის ნაწილზე დაჯგუფება ჰურიათ თაჰრირ ალ-შამმა კონტროლი დაამყარა, ასადმა მოკავშირეებთან ერთად იდლიბზე თავდასხმა დაიწყო.

მონიტორიგნის ორგანიზაციების ინფორმაციით მიმდინარე წლის აპრილის შემდეგ სირიის მთავრობისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩატარებულმა დაბომბვებმა ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე 1,300-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მილიონამდე ადამიანს საცხოვრებლის მიტოვება მოუხდა.

სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიხედვით იდლიბის პროვინციაში და მიმდებარე ტერიტორიაზე დაბომბვას 304 ბავშვი და 11 მაშველი ემსხვერპლა.

ანგარიშის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში ბაშარ ალ-ასადის ძალების და მათი მოკავშირე რუსი სამხედროების თავდასხმას იდლიბში 21 მშვიდობიანი მაქალაქის, მათ შორის 10 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გასულ კვირას ერდოღანმა თქვა, რომ მსოფლიო ძალების ლიდერები თურქეთს სირიაში ე.წ. უსაფრთხო ზონის შექმნაში დახმარებას არ უწევენ.

"ის ქვეყნებიც კი, რომლებიც ყველზე ძლიერად მიგვაჩნდა და ყველაზე მეტად ვცემდით პატივს, ჯერ-ჯერობით არ ეხმაურებიან ჩვენს მოწოდებას უსაფრთხო ზონის შექმნაზე და არ ამბობენ, რომ ჩაერთვებიან მასში." თქვა ერდოღანმა ჟენევაში მიგრანტთა გლობალურ ფორუმზე ჟურნალისტებთან საუბრისას.

თურქეთის პრეზიდენტი ასევე ირწმუნება, რომ 600,000-მდე მიგრანტი მოხალისეობრივად შეუერთდება "მშვიდობის ზონაში" უკვე დაბრუნებულ 371,000-მდე ადამიანს.

"თუ ამას წარმატებით შევასრულებთ, ისტორიაში შევა როგორც კარგი მაგალითი. იტყვიან "თურქეთმა მიგრანტებისათვის ქალაქები შექმნა". ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი პროექტი დიდებულია." თქვა მან.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში Amnesty International-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვით თურქეთი ქვეყანაში მყოფი სირიელი მიგრანტების ჩრდილოეთ სირიაში დაბრუნებას ძალის გამოყენებით და მოტყუებით ცდილობს.

ორგანიზაციის თქმით აღრიცხეს სულ მცირე 20 შემთხვევა აქვთ აღრიცხული, როდესაც თურქეთის ხელისუფლებამ სირიელ მიგრანტებს დაბრუნება აიძულა. გარდა ამისა არის შემთხვევები, როდესაც მიგრანტებს მოტყუებით აწერინებენ ხელს "საკუთარი სურვილით დაბრუნების" შეთანხმებაზე.

მიგრანტების დეპორტაცია სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებამდეც დაიწყო, რამაც შეშფოთება გამოიწვია, ვინაიდან ქვეყანაში უსაფრთხო სიტუაცია ამ დრომდე არ არის. თურქეთი ირწმუნება, რომ ისინი სირიაში საკუთარი სურვილით ბრუნდებიან. მათი მონაცემებით "საკუთარი სურვილით" უკვე 300,000-ზე მეტი ადამიანი დაბრუნდა სირიაში.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ევროკავშირთან 2016 წელს მიღწეული შეთანხმების შედეგად 6 მილიარდ ევროს იღებს მიგრანტების ხარჯების ნაწილობრივ დასაფარად, ერდოღანი ევროკავშირს არაერთხელ დაემუქრა, რომ მათი მხრიდან არასაკმარისი დახმარების გამო მიგრანტებს ევროკავშირის ქვეყნებში გაუშვებდა.

თურქეთში ამჟამად 3.6 მილიონამდე სირიელი მიგრანტია. თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩრდილოეთ სირიაში ე.წ. უსაფრთხო ზონის შექმნის ოპერაციის მიზანია იქ 2 მილიონამდე მიგრანტი დააბრუნონ.

კომენტარები