2025 წელს გარდაცვლილები

ბრიტანელ-ამერიკელი ფილოსოფოსი ალასდერ მაკინტაირი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბრიტანელ-ამერიკელი ფილოსოფოსი, ალასდერ მაკინტაირი

21 მაისს 96 წლის ასაკში გავლენიანი მორალის ფილოსოფოსი ალასდერ მაკინტაირი გარდაიცვალა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის თანამედროვე სათნოების ეთიკის აღორძინებაში.

ალასდერის 1981 წლის გავლენიანმა ნაშრომმა "სათნოების შემდეგ" ძირეულად შეცვალა თანამედროვე მორალისა და პოლიტიკის ფილოსოფია.

ბევრისთვის მაკინტაირი ცნობილი იყო, როგორც "ყველაზე მნიშვნელოვანი" თანამედროვე კათოლიკე ფილოსოფოსი, რომელმაც ინტელექტუალური და სულიერი მოგზაურობისას ათეიზმი, მარქსიზმი და ანგლიკანიზმი გამოიარა, და საბოლოოდ კათოლიციზმი მიიღო.

ალასდერი 1929 წელს შოტლანდიის საპორტო ქალაქ გლაზგოში დაიბადა. მან ხელოვნების მაგისტრატურა მანჩესტერისა და ოქსფორდის უნივერსიტეტებში დაამთავრა და 1951 წლიდან აკადემიური კარიერა მანჩესტერში დაიწყო, რის შემდეგაც თანამდებობებს იკავებდა ლიდსის, ესექსისა და ოქსფორდის უნივერსიტეტებში.

ხოლო 1969 წელს აშშ-ში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ მან ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტში გააგრძელა აკადემიური მოღვაწეობა. 

თავდაპირველად, 1940-იან წლებში ალასდერს პრესბიტარიანელი მღვდლობა სურდა, 1950-იანებში ანგლიკანი გახდა, ხოლო 1960-იან წლებში - ათეისტი.

1983 წელს, 55 წლის ასაკში, მან კათოლიციზმი და თომიზმი მიიღო, რაშიც მაკინტაირის შთაგონების წყარო მისი საყვარელი მე-20 საუკუნის თეოლოგი, ჯოზეფ რაცინგერი (შემდგომში პაპი ბენედიქტე XVI) იყო.

მაკინტაირის "სათნოების შემდეგ", რომელიც მეოცე საუკუნის ფილოსოფიის კლასიკად ითვლება, აკრიტიკებდა თანამედროვე მორალურ ფრაგმენტაციას და მომხრე იყო არისტოტელესეული ეთიკის დაბრუნების. მის სხვა ნაშრომებს შორისაა "მარქსიზმი და ქრისტიანობა", "ვისი სამართალი? რომელი რაციონალურობა?", და "მორალური გამორკვევის სამი საწინააღმდეგო ვერსია", რომლებშიც მაკინტაირი მორალის ტრადიციებსა და რაციონალურობაზე წერდა.

კომენტარები