აშშ-ირანის მოლაპარაკებები

Reuters: აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებების მე-5 რაუნდის შემდეგ მხარეები ისევ შეხვდებიან

Alex Wong/Getty Images/AFP & ირანის უზენაესი ლიდერი via AP

23 მაისს ირანისა და აშშ-ს წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი გაიმართა და მხარეებს შორის შუამავლის როლის შემსრულებელმა ომანმა განაცხადა, რომ ბირთვული შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით შეხვედრაზე შეზღუდული სახის პროგრესი იყო.

გამოცემა Reuters-თან ირანულ მხარესთან ახლო კავშირის მქონე წყარომ თქვა, რომ მხარეები ისევ შეხვდებიან, თუმცა თარიღი და ადგილმდებარეობა ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გამართვამდე მხარეების მიერ ხისტი პოზიციების დაკავების მიუხედავად, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში "პროგრესისკენ პოტენციალი" არსებობს მას შემდეგ, რაც რომში გამართული მოლაპარაკებების დროს ომანი რამდენიმე წინადადებით გამოვიდა.

"ჩვენ ახლახან დავასრულეთ მოლაპარაკებების ერთ-ერთი ყველაზე პროფესიონალური რაუნდი [...] ჩვენ მკაფიოდ გამოვხატეთ ირანის პოზიცია [...] ის ფაქტი, რომ ახლა გონივრულ გზაზე ვიმყოფებით, ჩემი აზრით, თავისთავად პროგრესის ნიშანია." - უთხრა არაღჩიმ სამთავრობო ტელევიზიას.

"წინადადებები და პრობლემის გადაჭრის გზები შესაბამის დედაქალაქებში იქნება განხილული და მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდიც ამის მიხედვით დაიგეგმება." - დაამატა მან.

ამ კვირაში CNN და Axios წერდნენ, რომ ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებზე სწრაფი იერიშისთვის ემზადება, თუკი აშშ-სა და ირანს შორის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები ჩაიშლება.

ისრაელურმა წყაროებმა Axios-თან თქვეს, რომ ისრაელის დაზვერვას ბოლო დღეებში წარმოდგენა შეეცვალა და აღარ სჯერათ, რომ აშშ-ირანს შორის ბირთვული შეთანხმების დადება ახლოსაა. ამის ნაცვლად, ისინი ფიქრობენ, რომ მოლაპარაკებები შესაძლოა, მალე ჩამოიშალოს.

ხოლო 20 მაისს CNN ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ს ახალი სადაზვერვო ინფორმაციის მიხედვით, ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმებისთვის ემზადება.


მანამდე, ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ თქვა, რომ მისი აზრით, აშშ-სთან ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები შედეგს ვერ გამოიღებს.

"არაპირდაპირი მოლაპარაკებები მის [პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის] დროსაც იყო, ზუსტად ისე, როგორც ახლა, მაგრამ უშედეგოდ. ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ ახლაც შედეგი არ იქნება." - თქვა მან.

ირანის ლიდერმა ასევე "მიუღებელი" უწოდა აშშ-ს მიერ ირანის მიმართ მოწოდებებს, რომ სრულად შეაჩეროს ურანის გამდიდრების პროგრამა. 

"არავინ ელოდება ამა თუ იმ მხარის ნებართვას. ისლამურ რესპუბლიკას საკუთარი პოლიტიკა და მიდგომა აქვს და საკუთარ გზას მიუყვება." - დაამატა მან.

16 მაისს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით წინადადება შესთავაზა, თუმცა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ თეირანს ასეთი წინადადება არ მიუღია.

"არ არსებობს სცენარი, რომელშიც ირანი თავის ლეგიტიმურ უფლებაზე, მშვიდობიანი მიზნებისთვის ურანის გამდიდრებაზე, უარს იტყვის." - აღნიშნა არაღჩიმ.

მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესს აშშ-ს პოზიციის მუდმივი ცვალებადობა აჭიანურებს.

ტრამპმა 15 მაისს თქვა, რომ აშშ ირანთან ბირთვული შეთანხმების მიღწევასთან ძალიან ახლოსაა და დაამატა, რომ თეირანი "გარკვეულწილად" დათანხმდა ამერიკული მხარის პირობებს.

კომენტარები