ზურაბ ჯაფარიძის დაკავება

ჩეხეთი ჯაფარიძეზე: ხელისუფლებას მოვუწოდებთ, დემოკრატიული ღირებულებები დაიცვას

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავების შესახებ შეშფოთებას გამოთქვამს და ქართულ ოცნებას დემოკრატიული ღირებულებებისა და კანონის უზენაესობის დაცვისკენ მოუწოდებს. 

ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას X-ზე ავრცელებს.

"შეშფოთებულები ვართ ზურაბ ჯაფარიძის დაკავებითა და იმით, რომ მისი პროცესი დახურულია. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ დემოკრატიული ღირებულებები და კანონის უზენაესობა დაიცვან და პატივი სცენ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს". - წერს ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

ცნობისთვის, 22 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. ჯაფარიძე სასამართლო დარბაზში დააკავეს - გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მიიღო.

საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა. მომდევნო სხდომა 4 ივნისს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

პროკურატურამ ჯაფარიძისთვის წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს გადაუხდელობის გამო, სასამართლოს პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. 

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეცვალა.

პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. დაცვის მხარემ პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი დატოვა.

"თქვენ მოსამართლე არ ხართ, ასრულებთ დაკვეთას. პროკურატურა ეწევა აბსოლუტურად პოლიტიკურ დევნას, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. ორივენი ჩადიხართ სისხლის სამართლის დანაშაულს. ოლიგარქია დაემხობა და თქვენ მიეცემით სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ჩვენ გავდივართ, ნახვამდის" - მიმართა ნიკა გვარამიამ სასამართლოს.

მანამდე, წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული გირაოს გადაუხდელობისთვის წინასწარი პატიმრობა შეეფარდა თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილსაც.

კომენტარები