ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი

საქართველოში არ შემოუშვეს ჟურნალისტი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის რუსულ კავშირებზე წერდა

ბრიტანელი ჟურნალისტი უილ ნილი
RSF

რეპორტიორები საზღვრების გარეშეს (RSF) ინფორმაციით, საქართველოში არ შემოუშვეს დამოუკიდებელი ბრიტანელი ჟურნალისტი, უილ ნილი, რომელიც საქართველოში 2022 წლიდან მოყოლებული ცხოვრობდა. 

ორგანიზაციის ცნობით, უილი საქართველოში გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირში მოგზაურობის შემდეგ ბრუნდებოდა. ხოლო ქვეყანაში არ შეშვებას წინ უძღოდა პროსახელისუფლებო პოლიტიკოსებისა და მედიის მხრიდან ნილის წინააღმდეგ "სიძულვილის კამპანია" მას შემდეგ, რაც ნილმა გამოცემა Byline Times-ში ივანიშვილის რეჟიმის რუსული კავშირების შესახებ საგამოძიებო შინაარსის სტატია გამოაქვეყნა.

RSF გმობს ამ "თვითნებურ" გადაწყვეტილებას, მოუწოდებს რეჟიმს, მყისიერად გადადგას უკან ნაბიჯი და აღნიშნავს, რომ საქართველოში პრესის თავისუფლების კუთხით ვითარება უარესდება.

"პირველი რაც გავიფიქრე იყო: "აი, ისიც", თუმცა მას შემდგომ დღეებში, მგონი, ნელ-ნელა ვიწყებ შეგუებას იმ რეალობასთან, რომ ქვეყანაში, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩემი სახლი იყო, შესვლა აღარ შემიძლია." - თქვა RSF-თან საუბრისას უილ ნილმა, რომელიც საქართველოს საზღვრიდან უკან 20 მაისს გააბრუნეს, როდესაც ის გაერთიანებული სამეფოდან და ევროკავშირიდან, სომხეთის გავლით, საქართველოში ბრუნდებოდა.

RSF-ის ინფორმაციით, საზღვარზე ნილი 45 წუთის განმავლობაში შეაყოვნეს და ბუნდოვნად განუმარტეს, რომ ამ გადაწყვეტილებაში ისინი ეყრდნობოდნენ "სხვა შემთხვევებს, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული."

ცნობისთვის, 1-ელ აპრილს გამოცემა Byline Times-ის სტატიაში უილ ნილი გაჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერდა, რომ TV იმედის მფლობელის, ირაკლი რუხაძის, კომპანია Hunnewell Partners რუსული ტელეკომუნიკაციების კომპანია MTS-ის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელში პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის ფირმის ინტერესებს წარმოადგენდა.

Byline Times-მა საკუთარ გამოძიებაზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ რუხაძის კომპანიის დახმარებით აბრამოვიჩის ფირმამ შეძლო, MTS-ს კორუფციის სკანდალის შედეგად დაკარგული თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით აშშ-ში სარჩელი საკუთარი თავის მოსარჩელედ დასახელების გარეშე შეეტანა.

მანამდე, ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი პროპაგანდის გავრცელების გამო გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატაში დეპუტატმა ბლერ მაკდუგალმა TV იმედის მფლობელი კომპანიის, Hunnewell Partners-ის წინააღმდეგ ბრიტანეთში გამოძიების დაწყების განხილვის საკითხი წარადგინა. 

მაკდუგალმა თემთა პალატის ლიდერს, ლუსი პოუელს მიმართა კითხვით, თანახმა არის თუ არა,  რომ საქართველოში მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობის ფონზე, დიდი ბრიტანეთის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სააგენტოს (NCA) მხრიდან Hunnewell Partners-ის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების საკითხის განსახილველად დრო გამოიყოს. 

მოგვიანებით, ბრიტანელმა პარლამენტარმა ჯეიმს მაკკლირმა X-ზე დაწერა, რომ "დროა, დასანქცირდნენ რუხაძე და მისი ოლიგარქი ბოსი ივანიშვილი".

Byline Times წერს, რომ ამ მასალაზე კვლევა და რეპორტაჟი, თბილისის ანალიტიკური ცენტრის, Civil Idea-ს, მეშვეობით, Civil Society Foundation-ის, ყოფილი Open Society Georgia Foundation-ის, გრანტით იყო მხარდაჭერილი.

აღსანიშნავია, რომ აპრილის თვეში რეპორტიორები საზღვრების გარეშეს (RSF) ასევე წერდა, რომ საქართველოში ორი ფრანგი ჟურნალისტი - კლემან ჟირარდო და ჟერომ შობო - ოფიციალური ახსნა-განმარტების გარეშე არ შემოუშვეს. 

RSF საქართველოს მთავრობის ამ ქმედებას დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვის უფრო ფართო მცდელობის ნაწილად მიიჩნევდა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტ საპროტესტო მოძრაობებს უკავშირდება.

კომენტარები