რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Bloomberg: რუსეთს ვატიკანში სამშვიდობო მოლაპარაკებები არ სურს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
Getty Images

Bloomberg საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსული მხარე ვატიკანში რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩატარებას არ განიხილავს და ელის, რომ მოლაპარაკებები სტამბოლში გაგრძელდება. 

ამის შესახებ გამოცემა დაუსახელებელ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომლებიც საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობენ. 

როგორც გამოცემა წერს, რუსი თანამდებობის პირები არ გეგმავენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მოლაპარაკებებისთვის ვატიკანში ან სადმე სხვაგან გაემგზავრება, არამედ ტექნიკურ დონეზე მოლაპარაკებების წარმოებაზე არიან ორიენტირებულები, რომლებიც 16 მაისს სტამბოლში დაიწყო. 

Bloomberg აღნიშნავს, რომ რუსეთი ვატიკანს მოლაპარაკებებისთვის შესაფერის ადგილად რიგი მიზეზების გამო არ განიხილავს, მათ შორის, იმ მიზეზით, რომ იტალია NATO-ს წევრი არ არის. 

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ იტალიას რომის სტატუტი აქვს რატიფიცირებული, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა ვალდებულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ორდერი შეასრულოს და პუტინი დააკავოს. 

გარდა ამისა, Bloomberg წერს, რომ ვატიკანში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების ჩატარებას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ეწინააღმდეგება, რომელიც უკრაინაში კათოლიკურ ეკლესიას ისტორიულ მეტოქედ მიიჩნევს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გაცემული აქვს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი. მას უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების დეპორტაცია ედება ბრალად. შესაბამისად პუტინი 120 ქვეყანაში ძებნილი გახდა.

მანამდე, როგორც იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯორჯია მელონიმ თქვა, პაპმა ლეო XIV-მ მზადყოფნა გამოთქვა, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ვატიკანში გაიმართოს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინა განიხილავს შესაძლებლობას, უკრაინის, რუსეთის, აშშ-სა და ევროკავშირის დელეგაციებს შორის მომდევნო შეხვედრა თურქეთში, ვატიკანში ან შვეიცარიაში გაიმართოს.

მანამდე პაპმა ლეომ უკრაინასა და რუსეთს ვატიკანში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე შუამავლობა შესთავაზა მას შემდეგ, რაც სტამბოლში 16 მაისს გამართულ შეხვედრაში უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებმა მონაწილეობა არ მიიღეს.

ინფორმაციას ვატიკანის განცხადებაზე დაყრდნობით POLITICO ავრცელებდა.

სტამბოლში გამართული შეხვედრის შედეგები, რომელსაც პუტინი, მოლაპარაკებების დაწყების იდეის ავტორი, თავად არ დაესწრო, ვატიკანმა "ტრაგიკული" უწოდა და განაცხადა, რომ ახლადარჩეულ პაპს სურს, წმინდა საყდარმა, ომის დასრულების ძალისხმევის ფარგლებში, მასპინძლის როლი შეასრულოს მხარეებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. 

"ყოველივე ეს ტრაგიკულია, ვინაიდან ჩვენ იმედი გვქონდა, ეს პროცესი, თუნდაც ნელი, კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას მოიტანდა; ამის მაგივრად, კვლავ დასაწყისს დავუბრუნდით. ვნახოთ, რას მოვიმოქმედებთ, თუმცა რთული სიტუაციაა". - განაცხადა ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინმა. 

"პაპი გეგმავს, რომ ვატიკანი, წმინდა საყდარი, ხელმისაწვდომი გახადოს ორ მხარეს შორის პირდაპირი შეხვედრისთვის". - დაამატა პაროლინმა. 

კომენტარები