უნგრეთი

ევროპული მედიაგამოცემები უნგრეთში უცხოური დაფინანსების შემზღუდავ კანონს ეწინააღმდეგებიან

უნგრეთში უცხოური დაფინანსების შემზღუდავი კანონმდებლობის უკან გაწვევის მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ევროპის წამყვანი მედიაგამოცემების 80-ზე მეტი რედაქტორი აწერს ხელს.

უნგრელი მედიაგამოცემების, ანალიტიკური ცენტრებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, ინიციატივა პოლიტიკურ ოპოზიციაზე ზეწოლისა და კრიტიკული ხმების ჩახშობისკენაა მიმართული. 

პეტიციის ხელმომწერები აცხადებენ, რომ მმართველი პარტია ფიდესი იმავე ავტორიტარულ მეთოდებს მიმართავს, რომელსაც რუსეთში ვლადიმერ პუტინი იყენებს.

ხელმომწერები აცხადებენ, რომ თავისუფალი მედიის არსებობა მხოლოდ უნგრეთის შიდა საკითხი არ არის და მთლიანად ევროპისთვისაა მნიშვნელოვანი. 

პეტიციას 84 წამყვანი რედაქტორი აწერს ხელს, მათ შორის, ბრიტანული Guardian-ის, ფრანგული Liberation-ის, პოლონური Gazeta Wyborcza-ს, ავსტრიული ORF-ის, სლოვაკური SME-ს და ჩეხური Hospodářské Noviny-ს წარმომადგენლები.

ისინი თავიანთ მთავრობებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებენ, ხელი შეუშალონ კანონპროექტის მიღებას, რადგან ის როგორც ევროკავშირის ხელშეკრულებებს, ისე ფუნდამენტური უფლებებს ეწინააღმდეგება.

უნგრეთის პარლამენტში კანონპროექტზე დებატები 27 მაისს იგეგმება, ხოლო კენჭისყრა ივნისის შუა რიცხვებში გაიმართება. სავარაუდოა, რომ კანონპროექტი დამტკიცდება, რადგან ფიდესს უნგრეთის პარლამენტში უმრავლესობა აქვს.

13 მაისს უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტიამ პარლამენტს უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების საქმიანობის შემზღუდველი კანონპროექტი წარუდგინა.

კანონპროექტი საშუალებას მისცემს სუვერენიტეტთან დაკავშირებულ სამსახურს (SPO), შექმნას იმ უცხოური დაფინანსების მქონე იურიდიული პირების სია, რომელთა საქმიანობაც უნგრეთის სუვერენიტეტისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

თუ SPO-ს მიჩნევს, რომ ორგანიზაციის საქმიანობა "ძირს უთხრის უნგრეთის დამოუკიდებელ, დემოკრატიულ და სამართლის უზენაესობაზე დამყარებულ ბუნებას" ან არღვევს უნგრეთის კონსტიტუციურ იდენტობას ან ქრისტიანულ კულტურას, ის ამ სიაში მოხვდება.

სიაში შესული ორგანიზაციების საბანკო ანგარიშები მონიტორინგს დაექვემდებარება და შესაძლებელი იქნება უცხოეთიდან მიღებული ფულადი რესურსების დაბლოკვა.

უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციები იძულებულები იქნებიან უცხოეთიდან მიღებულ თანხაზე 25-ჯერ მეტი ოდენობის ჯარიმა გადაიხადონ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის გადახდას ვერ შეძლებენ 15 დღის ვადაში საქმიანობა უნდა შეწყვიტონ.

კომენტარები