რუსული რეჟიმი

კალაძე: საქართველო რა კანონებს მიიღებს, ეს არავის საქმე არაა

თბილისის მერი, კახა კალაძე ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის, კიასტუტის ბუდრისის განცხადებას გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არავის აქვს. 

"რა კანონებს მიიღებს საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია, ეს არავის საქმე არაა - არც ევროპის ზოგიერთი წარმომადგენლის, ვიღაც რა თანამდებობის პირიც არ უნდა იყოს. მათ არანაირი უფლება არ აქვთ, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩაერიონ. 

ჩვენ არსად არაფერი გადაგვიხვევია. ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, საკუთარ ინტერესს და საქართველოს მომავალს. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და პოლიტიკა. საქართველოსთან მიმართებაში რაღაც მბრძანებლური ტონით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია". - თქვა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

კიასტუტის ბუდრისმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოს გადასაწყვეტია, დაუბრუნდეს ევროპულ გზას, რომლიდანაც, მისივე განცხადებით, ქვეყანამ გადაუხვია. 

ბუდრისის თქმით, საქართველოსთვის ამ ვითარებიდან გამოსვლის საუკეთესო გამოსავალი სამართლიანი არჩევნების ორგანიზება და იმ კანონების უკან გაწვევაა, რაც ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ზღუდავს. 

კომენტარები