ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი მიიღო, რომელიც რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტისა, ნავთობის ინდუსტრიისა და სამხედრო-სამრეწველო ძალისხმევის დასუსტებას ისახავს მიზნად.
"რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ეს რაუნდი ომის დაწყებიდან მოყოლებული ყველაზე ფართომასშტაბიანია". - თქვა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა
ამის შესახებ კალასმა ასევე X-ზე დაწერა.
"ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი მიიღო, რომელსაც მიზანში აქვს ამოღებული ჩრდილოვანი ფლოტის დაახლოებით 200 ხომალდი.
ახალი ზომები ასევე ითვალისწინებს ჰიბრიდულ საფრთხეებსა და ადამიანის უფლებებს.
რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებზე მუშაობა მიმდინარეობს.
რაც უფრო დიდხანს აწარმოებს რუსეთი ომს, მით უფრო მკაცრი იქნება ჩვენი პასუხი". - წერს კალასი.
სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში EU-მ სანქციები მსხვილი რუსული ნავთობკომპანიის, Surgutneftgaz-ის წინააღმდეგ შემოიღო.
ამასთან, მე-17 პაკეტი რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ დღემდე ყველაზე მასშტაბურ სანქციებს ითვალისწინებს. EU სანქცირებულ რუსული ხომალდების სიას 189 გემს ამატებს, რის შედეგადაც სანქცირებული გემების რაოდენობამ ჯამში 342-ს მიაღწია.
გარდა ამისა, ევროკავშირმა ინდივიდუალური სანქციები შემოიღო იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის მუშაობას ხელს უწყობენ და ასაზრდოებენ. ამ მიმართულებით სანქცირებულთა სია მოიცავს გადამზიდ კომპანიებს, რომლებსაც ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები ზღვით გადააქვთ და ერთ რუსული ნედლი ნავთობის გადამზიდი ინდუსტრიის ერთ მნიშვნელოვან დამზღვევ ფირმას.
EU ასევე ასანქცირებს 45-ზე მეტ რუსულ კომპანიასა და ფიზიკურ პირს, რომელიც რუსულ არმიას დრონებით, იარაღებით, საბრძოლო მასალით და სამხედრო აღჭურვილობით ამარაგებს და ლოჯისტიკურ მხარდაჭერას აწვდის. სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს რუსულ და ჩინურ ფირმებს, რომლებიც რუსეთს სამხედრო-სამრეწველო ძალისხმევისთვის საჭირო მანქანა-იარაღებს აწვდიან.
ამასთან, ევროკავშირი სანქციებს უწესებს დამატებით სამ ჩინურ იურიდიულ პირს, რათა მესამე ქვეყნებიდან რუსეთში სამხედრო მრეწველობისთვის საჭირო კომპონენტების მიწოდება შეზღუდოს.
EU-მ ასევე ორმაგი დანიშნულების მქონე საქონელთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებით უფრო მკაცრი შეზღუდვები 31 ახალ პირს დაუწესა, რომლებიც რუსულ სამხედრო-სამრეწველო ძალისხმევას მხარს უჭერენ. ეს პირები არიან მესამე ქვყენებიდანაც, მათ შორის, სერბეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, თურქეთიდან, ვიეტნამიდან და უზბეკეთიდან.
"დღეს დამატებული 75 ახალი ჩანაწერით (17 ფიზიკური პირი და 58 იურიდიული პირი) უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი საფრთხის შემცველ ან ძირის გამომთხრელ ქმედებებთან დაკავშირებით EU-ს შემზღუდავი ზომები ახლა დაახლოებით 2 400 ინდივიდსა და იურიდიულ პირს ეხება. დღეს დასახელებულები ექვემდებარებიან აქტივების გაყინვას, ხოლო EU-ს მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ, რომ სახსრები მათთვის ხელმისაწვდომი გახადონ. გარდა ამისა, ფიზიკურ პირებს გადაადგილების შეზღუდვა უწესდებათ, რომელიც მათ EU-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიაში შესვლასა და გადაადგილებას უკრძალავს". - წერია ევროპული საბჭოს განცხადებაში.
გარდა ამისა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ NATO-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს თანდასწრებით უკრაინისთვის სამხედრო დახმარება განიხილა მას შემდეგ, რაც უკრაინის თავდაცვის მინისტრს, რუსტემ უმეროვს ვიდეოკონფერენციაზე ელაპარაკა.
EU-მ ახალი სანქციები მას შემდეგ მოითხოვა, რაც რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს სტამბოლში ვლადიმირ პუტინი არ დაესწრო.
გარდა ამისა, 16 მაისს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის მზადება უკვე დაიწყო. მისივე თქმით, იგეგმება, რომ ახალი პაკეტით გათვალისწინებული იქნება გაზსადენების, Nord Stream-თან და Nord Stream 2-თან დაკავშირებით შეზღუდვები, ნავთობის ფასის დაწევა, ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის სანქცირებული ხომალდების სიის გაზრდა და ასევე რუსეთის ფინანსური სექტორის სანქცირება.
"პრეზიდენტ პუტინზე ზეწოლა უნდა გავზარდოთ მანამ, სანამ ის მშვიდობისთვის მზად არ იქნება". - თქვა ფონ დერ ლაიენმა.
მანამდე, 14 მაისს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტზე ევროკავშირის ელჩებმა წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს.
ამავე დღეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ ევროკავშირმა ყურადღება უნდა დაუთმოს ახალი სანქციების პაკეტს, რათა "გაგუდოს" რუსეთის ეკონომიკა და ვლადიმირ პუტინი იძულებული გახდეს, უკრაინაში ომი დაასრულოს.