კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მემორანდუმის მომზადების ვადები განსაზღვრული არ არის, თუმცა "გასაგებია, რომ ყველას ამის გაკეთება რაც შეიძლება სწრაფად სურს". მისივე თქმით, მხარეები პროექტებს გაცვლიან და ერთობლივ ტექსტზე იმუშავებენ.
ამის შესახებ რუსული სამთავრობო მედია ТАСС წერს.
"ვადები არ არის და ვერც იქნება. გასაგებია, რომ ყველას ამის გაკეთება რაც შეიძლება სწრაფად სურს, თუმცა, ცხადია, ეშმაკი დეტალებშია. ფორმულირებული იქნება პროექტები როგორც რუსული, ისევე უკრაინული მხარის მიერ. ამ პროექტებით დოკუმენტების გაცვლა შედგება. შემდეგ კი იქნება რთული კონტაქტები მაინც ერთობლივი ტექსტის დასამუშავებლად". - თქვა პესკოვმა.
19 მაისს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მხარეებს შორის საუბარი თითქმის ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის შემდეგაც აშშ-სა და რუსეთის ლიდერებმა განცხადებები გააკეთეს.
პუტინმა მედიის წარმომადგენლებთან თქვა, რომ როგორც რუსული, ისე უკრაინული მხარე, მშვიდობის მიღწევის მიზნით, გარკვეულ კომპრომისებზე უნდა წავიდეს.
თავის მხრივ, ტრამპმა სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
"ახლახან დასრულდა ჩემი ორსაათიანი საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ვთვლი, რომ საუბარმა კარგად ჩაიარა. რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს, როგორც ცეცხლის შეწყვეტაზე და რაც უფრო მნიშვნელოვანია ომის შეწყვეტაზე".
აშშ-ს პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრის დეტალები გააცნო უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ფინეთის ლიდერებსა და ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს.
დეტალების გაცნობის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიფინგი მოიწვია.
"საკუთარი ტერიტორიებიდან ჩვენ ჯარს არავინ გამოიყვანს, ეს არის ჩემი, ჩვენი სამხედროების კონსტიტუციური ვალი... არანაირი ულტიმატუმები, არავინ დათმობს საკუთარ მიწას, საკუთარ ხალხს, საკუთარ სახლებს. არ ვიცი, რა პრინციპებს ეყრდნობა მემორანდუმი, მაგრამ თუ რუსეთი ჩვენი ტერიტორიებიდან უკრაინული ჯარის გაყვანას ითხოვს, მაშინ მას არ სურს ომის დასრულება. იმიტომ, რომ მკაფიოდ ხვდებიან, რომ უკრაინა ამას არ იზამს". – თქვა ზელენსკიმ.





