აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 19 მაისს ოვალურ ოფისში სიტყვით გამოსვლისას რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და ვლადიმირ პუტინთან გამართული სატელეფონო ზარის შინაარსი განიხილა.
ჟურნალისტმა აშშ-ს პრეზიდენტს ჰკითხა, პუტინთან ზარის შემდეგ ინარჩუნებს თუ არა იგი გასულ კვირას გაჟღერებულ პოზიციას, როდესაც ტრამპმა თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში არაფერი არ მოხდება, სანამ იგი პუტინს პირადად არ შეხვდება. აღნიშნულ კითხვაზე ტრამპმა უპასუხა, რომ პროცესში "დიდი ეგოებია გარეული, მაგრამ ჩემი აზრით, რაღაც მოხდება და თუ ასე არ იქნება, მე უბრალოდ დავტოვებ [პროცესს] და მათ გაგრძელება მოუწევთ."
ტრამპის თქმით, მან პუტინს უკრაინის შესახებ შეხვედრის გამართვაზეც ჰკითხა: "მას [პუტინს] ამის შესახებ ველაპარაკე და ვუთხარი, "როდის უნდა დავამთავროთ ეს, ვლადიმირ?" [...] მჯერა, რომ მას დამთავრება უნდა." - დაამატა მან.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მას მოლაპარაკებების პროცესში "წითელი ხაზიც" აქვს, თუმცა არ განუმარტავს, თუ რას გულისხმობს ამაში: "ვინაიდან, ჩემი აზრით, ეს მოლაპარაკებებს იმაზე უფრო რთულს გახდის, ვიდრე ამჟამად არის." - თქვა ტრამპმა.
ამას გარდა, ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ გაზარდა მან რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, ტრამპმა უპასუხა, რომ ამჯერად "რაღაცის მიღწევის" შანსი არსებობს, თუმცა მან სამომავლოდ მსგავსი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა არ გამორიცხა.
"ჩემი აზრით, რაღაცის მიღწევის შანსი არსებობს და ამას თუ გააკეთებ, შესაძლოა, ბევრად გაუარესდეს, მაგრამ შეიძლება, მოვიდეს დრო, როცა ეს [სანქციების გაზრდა] მოხდება." - თქვა ტრამპმა.
19 მაისს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მხარეებს შორის საუბარი თითქმის ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის შემდეგაც აშშ-სა და რუსეთის ლიდერებმა განცხადებები გააკეთეს.
პუტინმა მედიის წარმომადგენლებთან თქვა, რომ როგორც რუსული, ისე უკრაინული მხარე, მშვიდობის მიღწევის მიზნით, გარკვეულ კომპრომისებზე უნდა წავიდეს.
თავის მხრივ, ტრამპმა სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
"ახლახან დასრულდა ჩემი ორსაათიანი საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ვთვლი, რომ საუბარმა კარგად ჩაიარა. რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს, როგორც ცეცხლის შეწყვეტაზე და რაც უფრო მნიშვნელოვანია ომის შეწყვეტაზე".
აშშ-ს პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრის დეტალები გააცნო უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ფინეთის ლიდერებსა და ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს.
დეტალების გაცნობის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიფინგი მოიწვია.
"საკუთარი ტერიტორიებიდან ჩვენ ჯარს არავინ გამოიყვანს, ეს არის ჩემი, ჩვენი სამხედროების კონსტიტუციური ვალი... არანაირი ულტიმატუმები, არავინ დათმობს საკუთარ მიწას, საკუთარ ხალხს, საკუთარ სახლებს. არ ვიცი, რა პრინციპებს ეყრდნობა მემორანდუმი, მაგრამ თუ რუსეთი ჩვენი ტერიტორიებიდან უკრაინული ჯარის გაყვანას ითხოვს, მაშინ მას არ სურს ომის დასრულება. იმიტომ, რომ მკაფიოდ ხვდებიან, რომ უკრაინა ამას არ იზამს". – თქვა ზელენსკიმ.





