რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს – მედია

ვლადიმირ პუტინი (მარცხნივ) და დონალდ ტრამპი, 2018
EVAN VUCCI / AP

მედიაში თეთრი სახლის წარმომადგენლებზე დარყდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს.

როგორც Reuters წერს, სატელეფონო საუბრის დაწყებამდე აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა რეპორტიორებთან საუბრისას თქვა, რომ მოლაპარაკებები ჩიხში არის შესული. მისივე თქმით, თუკი მოსკოვი პროცესში ჩართვას არ ისურვებს, აშშ იძულებული გახდება, რომ პროცესში შუამავლობა შეწყვიტოს.

"ვაცნობიერებთ, რომ გარკვეული ჩკიხი არსებობს და ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ეტყვის პრეზიდენტ პუტინს: "ნახე, გულწრფელი ხარ? სერიოზულად უდგები ამას?". [...] გულწრფელად ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა პუტინმა არ იცის, როგორ გამოვიდეს ომიდან". - თქვა ვენსმა Reuters-ის თანახმად.

Reuters-ის თანახმად, ვენსმა თქვა, რომ "ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო. ვიცი, რომ პრეზიდენტი [ტრამპი] მზად არის ამისთვის, შემდეგ უბრალოდ ვიტყვით, ეს არ არის ჩვენი ომი". 

"შევეცდებით, რომ დავასრულოთ, მაგრამ თუ ვერ დავასრულებთ, საბოლოოდ ვიტყვით: "იცი რა? ეს ცდად ღირდა, მაგრამ ამას აღარ ვაკეთებთ"". - თქვა ვენსმა გამოცემის თანახმად. 

ცოტა ხნით ადრე უკრაინული ტელემარათონი, Єдині новини საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებდა ცნობას, რომ აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინთან დალაპარაკებამდე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. 

Єдині новини-ის წყაროს თანახმად, ტრამპი და ზელენსკი შეთანხმდნენ, რომ პუტინისა და ტრამპის საუბრის შემდეგ ტელეფონით კვლავ ელაპარაკათ. 

მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 17 მაისს Truth Social-ზე დაწერა, რომ ორშაბათს, 19 მაისს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავს. ტრამპის თქმით, პუტინთან უკრაინაში ომის დასრულების გზებსა და ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის საკითხზე ისაუბრებს. 

ტრამპის პოსტს წინ უძღვის რუსულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის 16 მაისს სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები, რომელიც არც თუ ისე წარმატებით დასრულდა. პუტინს სტამბოლში დაბალი დონის დელეგაცია ჰყავდა გაგზავნილი, ხოლო ამავე დელეგაციის მიერ შეხვედრაზე გახმოვანებული მოთხოვნები უკრაინისთვის მიუღებელი აღმოჩნდა – მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა დელეგაციამ ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ უკრაინის რამდენიმე ტერიტორიიდან უკრაინული ჯარების გაყვანა მოითხოვა. 

რუსული მხარე კრიტიკულად შეაფასეს დასავლელმა ლიდერებმა, მათ შორის, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომაც, რომელმაც პუტინის მიერ სტამბოლში გაგზავნილი დელეგაციის შემადგენლობა გააკრიტიკა. 

იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯორჯია მელონიმ თქვა, რომ მსოფლიომ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შედეგად დაინახა, თუ ვინ არის რეალურად მშვიდობისკენ მიმართული და ვინ არ არის მზად ამისთვის.

პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ "რუსეთმა სტამბოლში მოლაპარაკებები დე ფაქტო შეწყვიტა და უარი თქვა ცეცხლის შეწყვეტაზე", რის გამოც რუსეთზე "წნეხის გაზრდის დროა".

კომენტარები