ლაშა გაბიტაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ქართულ ოცნების რეჟიმმა მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა.
"საქართველოს მოქალაქეობა წამართვეს, უნდათ რომ საქართველო ქართველებისგან დაცალონ!" - წერს გაბიტაშვილი.
გაბიტაშვილი ამბობს, რომ ის საქართველოში დაიბადა და ცხოვრების განმავლობაში სხვა ქვეყანაში არ უცხოვრია, ხოლო მას შემდეგ რაც ცოლთან ქორწინებით ისრაელის მოქალაქეობა მიენიჭა მან საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მიზნით იუსტიციის სახლს მიმართა.
"მე საქართველოს მოქალაქეობაზე უარი არ განმიცხადებია და პირიქით, განვაცხადე, რომ შენარჩუნება მინდა. მაგრამ, სამწუხაროდ, მათ უარი მითხრეს და წამართვეს მოქალაქეობა" - ამბობს ლაშა გაბიტაშვილი.
"[რეჟიმის] ინტერესია საქართველოში მხოლოდ ის ხალხი დარჩეს, ვისზეც მას კონტროლი ექნება და ვისაც მარტივად მართავს" - ამბობს გაბიტაშვილი.
გაბიტაშვილის თქმით ის ამ გადაწვეტილებას გაასაჩივრებს და საქართველოს მოქალაქეობის დასაბრუნებლად ბოლომდე იბრძოლებს.
მანამდე, 11 თებერვალს მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს საკუთარ სახლთან 3 უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.
"მაგრად მოაწყვეთ, დილის 9 საათზე ძაღლს რომ მიყურებთ აქ, ძაღლს რომ ვასეირნებ და უნდა მომვარდეთ და მცემოთ ძალიან სასაცილოა, აქ არავის არაფრის არ ეშინია და აუცილებლად ჩვენ ჩვენსას მივაღწევთ.
არ ვიცი ვინ იყვნენ, ძაღლს ვასეირნებდი, უცებ სამი კაცი მომვარდა ნიღბებით". - თქვა გაბიტაშვილმა Facebook-ლაივში.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, ლაშა გაბიტაშვილის საქმეზე გამოძიება დაიწყო სსკ-ს 126-ე 11 მუხლით, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.
ასევე, 13 იანვარს ბიძინა ივანიშვილის დეპუტატები ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს აბუ დაბიში, ერთ-ერთ სასტუმროში ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირების ვიდეოები გაბიტაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა.
14 იანვარს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზარქუა და სანიკიძე დაკავებულები იყვნენ. კოალიცია ცვლილებებისთვის წევრმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მათი სასამართლო 15 იანვარს იყო ჩანიშნული.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ქართული ოცნების დეპუტატები - ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე 13 იანვარს, აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში საქართველოს მოქალაქეზე თავდასხმის გამო გამოკითხვაზე იმყოფებიან.
22 იანვარს, ტელეკომპანია მთავარმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზარქუა და სანიკიძე 80 000-ლარიანი ჯარიმების საფუძველზე თბილისში დაბრუნდნენ.





