აივ ინფექცია

რეგისტრირებულია 11 218 აივინფიცირებული, წელს გამოვლინდა 212 შემთხვევა – შიდსის ცენტრი

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - შიდსის ცენტრის ცნობით, მიმდინარე წელს საქართველოში გამოვლინდა აივ ინფექციის 212 ახალი შემთხვევა, ცენტრში რეგისტრირებულია 11 218 აივ ინფიცირებული. 

"დღეისათვის, მსოფლიო სიტუაციის მიხედვით, საქართველო მიეკუთვნება აივ/შიდსის კონცენტრირებული გავრცელების ქვეყნებს სტაბილური ეპიდემიოლოგიური სურათით.

2025 წლის 18 მაისის მონაცემებით თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 11 218 აივ ინფიცირებული პირი, მათგან 8 409 მამაკაცია და 2 809 ქალი. 2 402 პაციენტი გარდაიცვალა.

მიმდინარე წელს გამოვლინდა აივ ინფექციის 212 ახალი შემთხვევა.

არვ (ანტირეტროსულ) თერაპიას იტარებს 6900-ზე მეტი პაციენტი.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით შემდეგია: 30 % ნარკოტიკების ინექციური მოხმარება; 53 % – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 14 % – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან;

1.1 % – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით;

0.4 % – სისხლის გადასხმის შედეგად; 0.9 % – გადაცემის გზა დაუდგენელია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა გეოგრაფიული განაწილების მხრივ – აივ/შიდსის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში, შემდეგ სამეგრელოში, აჭარასა და იმერეთში" - წერია ცენტრის გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები