აივ ინფექცია

6 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში აივ-ინფიცირების 570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

jandacva.ge

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 ნოემბრის მონაცემებით საქართველოში აივ-ინფიცირების 570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. წინა წლის შესაბამის პერიოდში, ეს მონაცემი - 540 იყო. 

სულ შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 7 332 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 5486 მამაკაცია, 1846 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 3 816 პაციენტს განუვითარდა, მათგან 1 495 - გარდაიცვალა.

30 სექტემბრის მონაცემებით, არვ მკურნალობას იტარებს 4468 (3949 + 519 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 48 (38 + 10 (აფხაზი) – ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:

  • 40.2 %  (2950) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელი;
  • 46.2 % (3388) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად;
  • 11.0 %  (804) - მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან (მსმ);
  • 1.4 %  (104) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით;
  • 0.5 %  (36) - სისხლის რეციპიენტია;  
  • 0.7 %  (49) - გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2 676 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა, 2 - დაუდგენელი); სამეგრელოში 929 (აქედან ზუგდიდი - 625);  იმერეთში 911 (ქუთაისი 447); აჭარაში 824 (ბათუმი – 528); აფხაზეთში (464); კახეთში (353) ქვემო ქართლში (381); შიდა ქართლში (275); გურიაში (156); ფოთში (110); სამცხე-ჯავახეთში (105) და ა.შ.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი აჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ გამოვლენილ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია:

2008 წელს - 351;  2009 წელს - 385; 2010 წელს - 455,  2011 წელს - 424; 2012 წელს - 526; 2013 წელს - 490; 2014 წელს - 564; 2015 წელს - 717;   2016 წელს - 719; 2017 წელს - 631.

2018 წელს გარდაიცვალა 114 აივ ინფიცირებული. 2017 წელს - 127. 2016 წელს - 168, 2015 წელს - 94, 2014  წელს - 84,  2013 წელს - 96, 2012 წელს - 109, 2011 წელს – 116.

2018 წელს გარდაცვლილთაგან 90 მამაკაცია, 24 ქალი.

სულ საქართველოში გამოვლენილია 109 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 68 - ვაჟი, 40 - გოგონა. 27 ბავშვი გარდაიცვალა, ხოლო 3 პაციენტი გავიდა ქვეყნიდან.

შიდსის ცენტრში საქართველოს მოქალაქეებისთვის ტესტირება და მკურნალობა უფასოა. ცხელი ხაზის ნომერია: 239-80-18

კომენტარები