პაპი ლეო XIV-ის ინაუგურაცია 18 მაისს, რომის დროით 10:00-ზე დაიწყო. ცერემონია სიმბოლური ხასიათისაა, რადგან რომს 267-ე ეპისკოპოსი მას მერე ჰყავს, რაც კარდინალი პრევოსტი კონკლავის გადაწყვეტილებას დათანხმდა.
საინაუგურაციო ცერემონია წმინდა წირვაშია ინტეგრირებული, მისი ცენტრალური ნაწილი კი ახალი პაპისთვის ძალაუფლების ორი ინსიგნიის - პალიუმისა და მებადურის ბეჭდის გადაცემაა. ცერემონია ხაზს უსვამს ეკლესიის რწმენას, რომ პაპი პეტრე მოციქულის მემკვიდრეა.
პალიუმი - ლიტირგიული შესამოსელია (აღმოსავლეთის ეკლესიაში მას შეესაბამება - ომოფორი) - შავი ფერის ჯვრებით მოქარგული თეთრი შალის ქსოვილის ზოლი, რომელიც რკალისებრადაა შემოხვეული მხრებზე, ისე, რომ მისი ბოლოები მცირედით გადმოკიდულია მკერდსა და ზურგზე. პაპისთვის მისი გადაცემა პეტრესთვის ქრისტეს მიერ სამჯერ გამეორებულ მოწოდებას აღნიშნავს: “აძოვე ჩემი კრავები” (იოანე 21; 15, 16, 17) - ასევე, იმ ერთ კრავს, რომლის მოსაძებნადაც სახარებაში მწყემსი მთელ ფარას მიატოვებს. სიმონ თესალონიკელი წერდა, რომ პალიუმი განასახიერებს იმ ერთ დაკარგულ ცხვარს, რომელსაც ქრისტე იპოვის და მხრებზე შეისვამს.

მებადურის ბეჭედი - წარმოადგენს საპაპო რეგალიასა და ინსიგნიას. მისი სახელი მომდინარეობს პეტრე მოციქულის მებადურობისგან.

უწინ ცერემონიას კორონაცია აგვირგვინებდა - როცა პაპს თავს ადგამდნენ ტიარას, სამგვირგვინას. პავლე VI-ის შემდეგ კორონაციები აღარ ტარდება.

ინაუგურაცია წმიდა პეტრეს საფლავიდან დაიწყება, რომელიც წმიდა პეტრეს ბაზილიკის ცენტრში, ბერნინის ბალდახინის ქვეშ მდგომარეობს. პაპი აღმოსავლეთის ეკლესიების პატრიარქებთან ერთად საფლავთან სალოცავად შეჩერდება, რის შემდეგაც ტაძრის ცენტრიდან წმიდა პეტრეს მოედანზე საზეიმო პროცესიითა და გალობით გადმოინაცვლებს.
ინაუგურაციას მსოფლიო ლიდერები ესწრებიან.