პაპი ლეო XIV-ის ინაუგურაცია

ზელენსკი უკრაინის დელეგაციასთან ერთად ვატიკანში პაპ ლეო XIV-ეს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პაპი ლეო XIV ვატიკანში, 18 მაისი, 2025 წ.
Volodymyr Zelenskyy / X

ვატიკანში 18 მაისს, ახალი პონტიფექსის საინაუგურაციო ცერემონიის შემდეგ, უკრაინის დელეგაცია პაპ ლეო XIV-ეს შეხვდა

პლატფორმა X-ზე გავრცელებულ განცხადებაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პაპს მადლობა გადაუხადა აუდიენციისთვის და აღნიშნა, რომ წმიდა საყდარს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრებაში.

"ჩვენ მადლობას ვუხდით ვატიკანს მზადყოფნისთვის, რომ იქცეს პლატფორმად უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში დიალოგისთვის ხელშესახები შედეგების მიზნით. ვაფასებთ უკრაინისთვის მხარდაჭერას და მკაფიო პოზიციას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის შესახებ." - წერია ზელენსკის განცხადებაში.

ცნობისთვის, 18 მაისს, რომის დროით 10:00-ზე, პაპი ლეო XIV-ის საინაუგურაციო ცერემონია დაიწყო, რაც სიმბოლური ხასიათის იყო, ვინაიდან კათოლიკე ეკლესიას 267-ე პონტიფექსი მას მერე ჰყავს, რაც კონკლავმა კარდინალი პრევოსტი ახალ პაპად აირჩია.

ინაუგურაციის შემდეგ ვატიკანში ასევე გაიმართა ზელენსკის შეხვედრა აშშ-ს ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან, რაც მათ შორის პირველი შეხვედრაა თებერვალში თეთრ სახლში ზელენსკის ვიზიტის შემდეგ, როდესაც მხარეებს შორის მწვავე შეკამათება მოხდა.

შეხვედრას ასევე აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიოც ესწრებოდა, ხოლო მანამდე, ახალი პაპის საინაუგურაციო ცერემონიაზე ზელენსკიმ და ვენსმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.

კომენტარები