რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

რუბიომ და ლავროვმა ტელეფონით ისაუბრეს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეფონით 16 მაისს სტამბოლში რუსულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრეს. 

სატელეფონო ზარის შესახებ განცხადებას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს

"დღეს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ესაუბრა. 

მდივანი რუბიო მიესალმა 16 მაისს სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების დროს ტყვეთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას და გაახმოვანა პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი გზავნილი: აშშ-ს რუსეთ-უკრაინის ომის გამძლე დასასრულის მიღწევა სურს. 

ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც აშშ-ს მიერ იქნა შემუშავებული, საუკეთესო გზაა წინ. სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ტრამპი მოწოდებას ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და ამ სისასტიკის დასრულებისკენ". - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტემი ბრიუსმა. 

16 მაისს სტამბოლში რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები 2022 წლის შემდეგ პირველად გაიმართა. შეხვედრა არც თუ ისე წარმატებით დასრულდა. პუტინს სტამბოლში დაბალი დონის დელეგაცია ჰყავდა გაგზავნილი, ხოლო ამავე დელეგაციის მიერ შეხვედრაზე გახმოვანებული მოთხოვნები უკრაინისთვის მიუღებელი აღმოჩნდა – მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა დელეგაციამ ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ უკრაინის რამდენიმე ტერიტორიიდან უკრაინული ჯარების გაყვანა მოითხოვა. 

რუსული მხარე კრიტიკულად შეაფასეს დასავლელმა ლიდერებმა. იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯორჯია მელონიმ თქვა, რომ მსოფლიომ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შედეგად დაინახა, თუ ვინ არის რეალურად მშვიდობისკენ მიმართული და ვინ არ არის მზად ამისთვის.

პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ "რუსეთმა სტამბოლში მოლაპარაკებები დე ფაქტო შეწყვიტა და უარი თქვა ცეცხლის შეწყვეტაზე", რის გამოც რუსეთზე "წნეხის გაზრდის დროა". 

კომენტარები