ავარია

მანქანა მტკვარში გადავარდა - ბრალი წარედგინა მერსედესის მძღოლს, რომელიც ფორდს შეეჯახა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, 14 მაისს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 მაისს, თბილისში მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოძრავ „ფორდის” მარკის ავტომობილს, რომელშიც ოთხი პირი იმყოფებოდა, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც „ფორდი“ მდინარე მტკვარში გადავარდა." - აღნიშნავს პროკურატურა.

უწყების ცნობით, მანქანაში მყოფი 4 პირიდან, მაშველებმა ერთი მალევე ამოიყვანეს, ორი გარდაცვლილი იპოვეს, ერთს კი ამ დრომდე ეძებენ.

"სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მდინარიდან, მალევე ამოიყვანეს კონტაქტურ მდგომარეობაში მყოფი ერთი პირი. მოგვიანებით მოხდა გარდაცვლილი ორი პირის ამოყვანა, ხოლო მესამე პირის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს." - წერია განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულს ბრალად ედება ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ეს დანაშაული 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს." - წერს საგამოძიებო უწყება.

კომენტარები