ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაურმა ჰოსეინ სალამიმ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიმართა, რომ ირანი მას ყუდსის ძალების მეთაურის, ყასემ სოლეიმანის "მკვლელად" მიიჩნევს.
გენერალი ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის ბრძანება ტრამპმა პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს გასცა. სოლეიმანი 2020 წლის 3 იანვარს დრონით შეტევის შედეგად დაიღუპა.
"ირანელი ერი მათი ყველაზე ძვირფასი და დიადი ეროვნული გმირის, მოწამეობრივი ლეიტენანტ-გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელად მიგიჩნევთ. შესაბამისად, კარგად დაფიქრდით იმის შესახებ, თუ რა სურათს ტოვებთ ირანელი ერის გონებაში". - თქვა სალამიმ თეირანში იმამ ჰუსეინის სახელობის მოედანზე სიტყვით გამოსვლისას.
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ასევე თქვა, რომ "ირანმა იცის, თუ ვინ არის მისი მტერი და მეგობარი", ხოლო ტრამპი "ირანის ერისადმი მტრობის ცენტრშია".
სალამიმ გააკრიტიკა აშშ-ს პრეზიდენტის მიერ საუდის არაბეთში, აშშ-საუდის საინვესტიციო ფორუმზე გაკეთებული კომენტარიც.
ტრამპმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ "უყურადღებობისა და არასწორად მართვის ათეულობით წელმა ირანში, ქვეყანა სიბნელეში ჩაძირა".
"ბატონო აშშ-ს პრეზიდენტო! რაც თქვენ საუდის არაბეთში თქვით, ან თქვენი უმეცრებისა და ირანისა და ამ დიადი ერის დიადი ჭეშმარიტების რეალობის შესახებ ცოდნის ნაკლებობის ბრალია ან ირანელი ერისთვის იმედგაცრუების მიზნით შეცდომაში შემყვანი ფსიქოლოგიური ოპერაციის. თუმცა ეს იცოდეთ, რომ რაც თქვენს გონებრივ წარმოსახვაშია და რაც არსებობს ძვირფასი ირანის რეალობაში, ცა და დედამიწასავით დაშორებულია ერთმანეთისგან". - მიმართა სალამიმ.
სალამი გამოეხმაურა ტრამპის კიდევ ერთ განცხადებასაც, რომ "მაშინ, როცა მსოფლიოს უმაღლესი ცათამბრჯენები ჯედასა და დუბაიში შენტება, თეირანის ისტორიული შენობები იშლება და ნანგრევებად ქცევას განაგრძობს".
"თქვენ არ იცნობთ ირანელ ერს, არც ისლამურ სისტემას, არც ისლამის საფუძველს და არც ირანს. თქვენ ცათამბრჯენები წარმოაჩინეთ, როგორც ქვეყნის სიდიადისა და სიამაყის სიმბოლო. ჩვენ არასდროს ვართ ამაყები მაღალი შენობებით, თუმცა ამ მიწაზე არსებობს მაღალი და უზარმაზარი შენობები, რომლებიც მოწმობენ ამ ერის სიდიადეს, ცივილიზაციას, ხელოვნებასა და კულტურას". - თქვა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურმა.