ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი

ითვლება, რომ არაა დემოკრატიული კანდიდატის მესამედ წარდგენა - კობახიძე პოლოლიკაშვილზე

კობახიძე

ივანიშვილის პრემერმინისტრის ირაკლი კობახიძის თქმით, ქართულმა ოცნებამ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა რამდენიმე მიზეზის გამო მოხსნა. მისივე თქმით,  პოლოლიკაშვილის ფორმულასთვის გაგზავნილმა მესიჯმა მყარად დაადასტურა, რომ "ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართებული".

"ჩემთვის დასანანი იყო, რაღაც მესიჯი გავრცელდა, პოლოლიკაშვილის მხრიდან, დიფსთეითზე იყო საუბარი, რა შუაშია ამ თემაზე საერთოდ დიფსთეითი, ვერ გავიგე, მაგრამ ზოგადად დასანანია - ის არის მოქმედი ხელმძღვანელი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის და როდესაც გაეროს ერთერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ასეთი ლექსიკით საუბრობს, ძალიან საინტერესოა. კონკრეტულ ტერმინებს აღარ გამოვიყენებ, რაც მან გამოიყენა.

აღარ მინდა დეტალებში შევიდე, რა იყო გადაწყვეტილების მიზეზი, ერთერთი მიზეზი იყო, რომ ჩვენი ელჩების დაბარება დაიწყეს კონკრეტულმა სახელმწიფოებმა ერთგვარი დემარშით იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მესამედ წარვადგინეთ გაეროს სისტემაში კანდიდატურა, პირველი პრეცედენტია ასეთი, რაც გვითხრეს, ანუ ორზე მეტად არ ხდება ხოლმე ასეთ ხელმძღვანელ პოზიციაზე კანდიდატების არჩევა, ეს იყო ერთერთი მიზეზი...

... ერთი ეს იყო მიზეზი - რატომ მესამედ, როცა ამის პრეცედენტი არ ყოფილა და ითვლება, რომ არ არის მაინცდამაინც დემოკრატიული, როცა მესამედ ასეთი ტიპის პოზიციაზე ხდება ერთი და იგივე კანდიდატის წარდგენა.

და იყო დამატებით სხვა მიზეზები, რაშიც არ მინდა შევიდე. ერთადერთი, შემიძლია ვთქვა, რომ ამ მესიჯმა დაადასტურა მყარად, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართებული თავისი შინაარსის და ლექსიკის გათვალისწინებით" - თქვა კობახიძემ.

ქართულმა ოცნებამ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა ოხსნა. ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამ თანამდებობაზე საქართველო მხარს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს დაუჭერს.

ამის შემდეგ, ზურაბ პოლოლიკაშვილმა TV ფორმულას მიწერა, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილება მასთან შეთანხმებული არ ყოფილა.

"თვითმფრინავში რომ ჩავჯექი, მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება. ჩავფრინდები და ხვალ ჩაგერთვებით. მანამდე ის, რომ ეს ჩემი სურვილი იყო ან შეთანხმებული ჩემთან არის დიდი ტყუილი. კარგი იქნება თუ კობახიძე ახსნის რატომ გააკეთა ეს.

3 კვირაა და მეტი ვწერ, ვურეკავ და იმალება, გამოვიდეს და თქვას, რაში გაცვალა ჩემი კანდიდატურა! მე არ წარმოვადგენ არც deep states და არც გლობალურ ომის პარტიას - მე ვარ ქართველი გაეროს მსოფლიო ტურიზმის გენერალური მდივანი" - წერია მის SMS-ში.

კომენტარები