სირიის ახალი ხელმძღვანელობა სახელმწიფო პორტებისა და ქარხნების პრივატიზაციას, უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და საერთაშორისო ვაჭრობის გაძლიერებას გეგმავს, ათწლეულების იზოლაციის დასასრულებლად. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასაად ალ-შაიბანმა, Financial Times-ს განუცხადა.
“[ასადის] ხედვა უსაფრთხოების სახელმწიფოს შეეხებოდა, ჩვენი კი ეკონომიკურ განვითარებაზეა ორიენტირებული,“ - განაცხადა შაიბანმა დამასკოში მიცემულ პირველ საერთაშორისო ინტერვიუში. „აუცილებელია კანონმდებლობა და მკაფიო სიგნალები, რათა გზა გაიხსნას უცხოური ინვესტიციებისთვის და სირიელი ინვესტორები დაბრუნდნენ საკუთარ ქვეყანაში.“
შაიბანმა ეს განცხადება შვეიცარიაში, დავოსში დაგეგმილი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის წინ გააკეთა. სირია ამ ფორუმში პირველად მიიღებს მონაწილეობას. მინისტრი აპირებს, საერთაშორისო საზოგადოებას, ასადის ეპოქის სანქციების გაუქმებისკენ მოუწოდოს. მისი თქმით, ეს სანქციები სირიის ეკონომიკურ აღდგენას და უცხოური ქვეყნებიდან ინვესტიციების მოზიდვას აკავებს, მიუხედავად მათი აშკარა მზადყოფნისა.
მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის ქვეყნები ფრთხილობენ სირიის ახალ ხელისუფლებასთან კავშირის აღდგენას, ისინი სირიისგან დაპირებული რეფორმების შესასრულებლად კონკრეტულ ნაბიჯებს ელიან და მხოლოდ ამის შემდეგ განიხილავენ სანქციების შემსუბუქებას.
შაიბანი, სირიის გარდამავალი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა და ქვეყნის ფაქტობრივი მმართველის, აჰმედ ალ-შარაას ახლო მოკავშირეა. შარაა, რომელიც წარსულში აბუ მოჰამედ ალ-ჯოლანის სახელით იყო ცნობილი, ისლამისტურ სამხედრო ჯგუფ ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამს ხელმძღვანელობდა, რომელმაც დეკემბერში ყოფილი დიქტატორი ბაშარ ალ-ასადი დაამხო.