წინააღმდეგობის პლატფორმა (პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით და სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილი პლატფორმა) ირაკლი კობახიძის ღია წერილს ეხმაურება. მათი შეფასებით, წერილი კიდევ ერთხელ ამხელს სიმართლეს - რეჟიმი, რომელიც უპირისპირდება სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, სინამდვილეში უპირისპირდება ქართველი ხალხის არჩევანს - თავისუფლებას, დასავლურ კურსსა და დემოკრატიას.
წინააღმდეგობის პლატფორმა აღნიშნავს, რომ ამერიკა იყო და რჩება საქართველოს ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოებისა და განვითარების გზაზე.
"აშშ-ს ხალხი და ხელისუფლება გვერდში გვიდგას მაშინ, როცა ივანიშვილის რეჟიმი მიზანმიმართულად ბლოკავს ევროპულ პერსპექტივას, ანგრევს ინსტიტუტებს, კლავს დემოკრატიას და ქვეყანას რუსულ იზოლაციაში ექაჩება. ამის ცხადი მაგალითია MEGOBARI ACT – უპრეცედენტო მხარდაჭერით მიღებული ისტორიული აქტი, რომელიც ამბობს ერთმნიშვნელოვან "დიახ“-ს ქართველ ხალხს და "არა“-ს ავტორიტარიზმს.
ჩვენ, წინააღმდეგობის პლატფორმა, ვამბობთ: საქართველო არ არის ივანიშვილისა და მისი არალეგიტიმური დაჯგუფების მძევალი.
საქართველოს მომავალი, დაცულობა და უსაფრთხოება დაკავშირებულია ძლიერ ევროპასთან, ძლიერ ამერიკასთან. ჩვენი ქვეყნის მარტო და დაუცველად დატოვება წარმოადგენს მტრის ინტერესს.
კობახიძის წერილი არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. ის წარმოადგენს ძალაუფლების მიმტაცებელი მცირე ჯგუფის ინტერესს, რომელიც ცდილობს დემოკრატიული სამყაროსგან იზოლაციაში გადარჩენას.
ჩვენ უარვყოფთ კონსპირაციებს, ყალბ ბრალდებებს და ანტიდასავლურ კამპანიას, რომელსაც რეჟიმი კოორდინირებულად ახორციელებს. ჩვენი მიზანია, არ დავუშვათ ურთიერთობების გაფუჭება აშშ-სთან და ევროპელ მეგობრებთან, რომ ქართველი ხალხი დაუბრკოლებლად დაუბრუნდეს თავის უალტერნატივო მომავალს და განვითარების პერსპექტივას, რაც უკავშირდება ევროკავშირის წევრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას აშშ-სთან.
ჩვენ, წინააღმდეგობის პლატფორმა, გამოვხატავთ ქართველი ხალხის საუკუნოვან და ურყევ არჩევანს! დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ერთსულოვნება! არ დავუშვებთ, რომ ვინმემ გაანადგუროს ათწლეულების მანძილზე ნაშენები ნდობა და მეგობრობა ამერიკასთან. ამ კრიზისიდან, რომელიც რეჟიმის მიერ შეგნებულადაა შექმნილი, არსებობს ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი - ახალი, თავისუფალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და სინდისის პატიმრების გათავისუფლება" - ნათქვამია განცხადებაში.





