შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, უწყება შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დამრღვევი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ მექანიზმს ამუშავებს, რომელიც მათ ქვეყნიდან გაძევებას გაამარტივებს.
ამის შესახებ დარახველიძემ ივანიშვილის პარლამენტში, 13 მაისის პლენარულ სხდომაზე, ახალი საკანონმდებლო ინიციატივის, "საერთაშორისო დაცვის შესახებ" კანონპროექტის წარდგენისას ისაუბრა.
დარახველიძის თქმით, კონკრეტულ ადამინისტრაციულ სამართალდარღვევის მუხლებზე "პირდაპირ იქნება მითითება", რის საფუძველზეც უცხო ქვეყნის მოქალაქე ქვეყნიდან გაძევდება.
"გაიწერა კონკრეტული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის მუხლები, რაზეც პირდაპირ იქნება მითითება, რომ უცხოელი, შეიძლება გაძევდეს ქვეყნიდან, მაგალითად ასეთი მუხლებია:
-
წვრილმანი ხულიგნობა
-
პოლიციის დაუმორჩილებლობა
-
შეკრება-მანიფესტაციის წესის დარღვევა
-
საჯარო მოხელის შეურაცხყოფა
-
ქვეყანაში მგზავრობის წესების დარღვევა
მოგეხსენებათ, რომ გასულ თვეებში ჩვენ არაერთი უცხოელი ვიხილეთ რუსთაველის გამზირზე, რომელიც ჩართული იყო დესტრუქციულ ქმედებებში - მათ მიმართ არაერთი სასამართლო გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, მათი მხრიდან კონკრეტული სამართალდარღვევის შესახებ.
[...] ეს მუხლი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ადამიანები, რომლებიც დესტრუქციის მიზნით შემოდიან ქვეყანაში, მათ მიმართ გამოყენებული იყოს ღონისძიება - ქვეყნიდან გაძევება და გარკვეული ვადით ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება იყოს დაცული.
[...] სამწუხაროდ, გარკვეული რაოდენობა ამ პირების ქვეყანაში აქციების წინა დღეებში შემოვიდა.
ეს ფაქტი, შეიძლება დამატებითი კითხვის ნიშნებს აჩენდეს - გარდა ამისა, იყო შემთხვევები, რომ ეს ადამიანები გარკვეულ პირებს დესტრუქციული ქმედებებისკენ აქტიურად მოუწოდებდნენ.
ორგანიზების ნაწილი რომ გამოკვეთილიყო, მათ მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დადგებოდა.
დიდია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, ვისი მოქალაქეებიც აქციებში იყვნენ ჩართული.
მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ კონკრეტული პირების დაკავება და ადმინისტრაციული სანქციების გამოყენება დაიწყო, ეს რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა.
სამწუხაროდ, საქმეს გვირთულებდა ის, რომ იმის მიუხედავად, რომ კონკრეტული პირების მიმართ 10-15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება მოხდა, მათ ქვეყანაში უვიზოდ დარჩენის ერთწლიანი ვადა ჰქონდათ და ამ ადამიანების მიმართ გაძევების პროცედურა, ფიზიკურად ვერ დავიწყეთ.
იყო შემთხვევა, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ანჩისხატის ეკლესიას კვერცხები დაუშინეს და ამან, საზოგადოებაში დიდი აგრესია გამოიწვია.
ადმინისტრაციული კუთხით მნიშვნელოვანია ისეთი დარღვევები, როგორიცაა წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციის დაუმორჩილებლობა, შეკრება-მანიფესტაციების წესის დარღვევა.
ეს ის შემთხვევებია, რასაც ხშირად აქციის მონაწილეები პოლიციის და სახელმწიფოს მიმართ იყენებენ.
ასე რომ, თუ ჩვენ ეფექტური მექანიზმები გვექნება და პასუხს გავცემთ დესტრუქციულ ქმედებებს
ეს ხელს შეუწყობს პრევენციას მსგავსი ძალების ჩართვას აქციებში". - თქვა დარახველიძემ.
ცნობისთვის, აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს ივანიშვილის პარლამენტმა I მოსმენით მხარი დაუჭირა.





