აშშ-ს თეთრი სახლი კატარის მიერ, საჩუქრის სახით, თავდაცვის დეპარტამენტისადმი Boeing 747-8 თვითმფრინავის შეთავაზებას ადასტურებს. თეთრი სახლის პრესმდივნის, კეროლაინ ლივიტის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საჩუქრის მიღებასაც განიხილავს.
"კატარის მთავრობამ კეთილგანწყობით შემოგვთავაზა თავდაცვის დეპარტამენტისთვის თვითმფრინავის დონაცია. სამართლებრივ დეტალებზე მუშაობა გრძელდება". - თქვა ლივიტმა Fox News-თან ინტერვიუში.
როგორც გასულ კვირას საკითხზე ინფორმირებულმა წყარომ Reuters-ს უთხრა, ტრამპის ადმინისტრაცია კატარის სამეფო ოჯახიდან Boeing 747-8 თვითმფრინავის, როგორც საჩუქრის მიღებას აპირებს. ამავე წყაროს ინფორმაციით, Boeing 747-8 საპრეზიდენტო თვითმფრინავად (Air Force One) იქნებოდა გამოყენებული.
"ამ მთავრობისადმი ნებისმიერი დონაცია ყოველთვის კანონთან შესაბამისობაში ხდება. ჩვენ მაქსიმალური გამჭვირვალობით ვუდგებით ამას და ასეც გავაგრძელებთ". - თქვა ლივიტმა.
როდესაც ლივიტს ჰკითხეს, ფიქრობდა თუ არა თეთრი სახლი, რომ კატარი თვითმფრინავის სანაცვლოდ სამომავლოდ რაიმეს მოითხოვდა, პრესმდივანმა უპასუხა: "აბსოლუტურად არა, ვინაიდან ისინი იცნობენ პრეზიდენტ ტრამპს და იციან, რომ ის მხოლოდ ამერიკელი საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს".
აშშ-ს დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ კატარის მიერ ტრამპის ადმინისტრაციისთვის ამ ტიპის საჩუქრის გაკეთება არაეთიკურია და სავარაუდოდ არაკონსტიტუციურიც.
Reuters-ის ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელიც აშშ-ს მთავრობისთვის გადაცემული ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული საჩუქარი იქნებოდა, საბოლოოდ, ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, აშშ-ს 47-ე პრეზიდენტის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას გადაეცემოდა.
Reuters-ის ცნობით, ახალი, კომერციული Boeing 747-8 თვითმფრინავი დაახლოებით $400 მილიონი ღირს.