საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მოუწოდა, რომ 15 მაისს სტამბოლში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის პირადად შეხვდეს.
"ჩვენ ამ შაბათ-კვირას კიევში ევროპული სიმტკიცისა და ერთიანობის დემონსტრაცია ვიხილეთ - ერთსულოვანი მოწოდება უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისკენ, რასაც აშშ მხარს უჭერს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოიყენა შესაძლებლობა და გამოთქვა სტამბოლში პირადად ჩასვლის ინიციატივა. ახლა ჩვენ მოვუწოდებთ ვლადიმერ პუტინს, ასევე დათანხმდეს ამას" – თქვა მინისტრმა ლონდონში რამდენიმე ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ
საფრანგეთის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ცეცხლის შეწყვეტა უკრაინაში მშვიდობის შესახებ ნებისმიერი მოლაპარაკების წინაპირობაა.
"ცხადია, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მოლაპარაკებები მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის პირობებშია შესაძლებელი, რადგან ბომბებისა და დრონების თავდასხმის ფონზე მოლაპარაკება მშვიდ გარემოში ვერ წარიმართება" - აღნიშნა ბარომ.
მანამდე პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისგან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას ითხოვს. ის კიევს პირდაპირი საუბრების დაწყებას 15 მაისიდან სთავაზობს. ამის შესახებ მან კრემლში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.
"კიევის ხელისუფლებას ვთავაზობთ განაახლონ მოლაპარაკებები, რომლებიც თავად შეწყვიტეს 2022 წლის ბოლოს, განაახლონ პირდაპირი მოლაპარაკებები, წინასწარი დათქმების გარეშე. გაჭიანურების გარეშე დაწყებას ვთავაზობთ უკვე მომდევნო ხუთშაბათიდან, 15 მაისიდან, სტამბოლში, იქ, სადაც [მოლაპარაკებები] ადრე ტარდებოდა და იქ, სადაც ის შეწყვიტეს." - თქვა პუტინმა.
"ხვალიდან ჩვენ სრულ და გრძელვადიან ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით, რათა დიპლომატიისთვის საჭირო საფუძველი შეიქმნას. მკვლელობების გახანგრძლივებას აზრი არ აქვს და მე ხუთშაბათს პუტინს პირადად დაველოდები თურქეთში. იმედია, რუსები ამჯერადაც არ დაიწყებენ გამამართლებელი მიზეზების ძიებას" - ასე ზელენსკიმ უპასუხა პუტინის წინადადებას 11 მაისს
10 მაისს უკრაინამ, საფრანგეთმა, გერმანიამ, გაერთიანებულმა სამეფომ და პოლონეთმა რუსეთისადმი წაყენებული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნის შესახებ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.
ზემოხსენებული ქვეყნების ლიდერები 10 მაისს უკრაინის დედაქალაქში ჩავიდნენ და ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე შეხვედრა გამართეს.
კიევში გამართულ შეხვედრაში ჩაერთო აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. ლიდერებმა მასთან ინიციატივის შესახებ ტელეფონით ისაუბრეს.