ახმეტაში 40-წლამდე კაცი თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დაჭრილია სავარაუდო დამნაშავეც, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.
შსს-ს ცნობით, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით, 1967 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი რ.ლ. დააკავეს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 მაისს, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე
ჯ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით ფეხის არეში დაჭრა რ.ლ., რის შემდგომაც ბრალდებულმა რ.ლ.-მ ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა ჯ.კ.-ს.
ბრალდებული რ.ლ. კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება, ხოლო ჯ.კ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, დანაშაულის ჩადენის იარაღები - სანადირო თოფი და პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.





