ინდოეთის ოფიციალური პირების ინფორმაციით, 10 მაისს პაკისტანის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაციის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა.
ჯამუსა და ქაშმირის რეგიონის მთავარი მინისტრის, ომარ აბდულას განცხადებით, პაკისტანის მიერ ქალაქ რაჯურის დაბომბვის დროს რეგიონული განვითარების კომისარი, რაჯ კუმარ ტაპა დაიღუპა.
"სიტყვები არ მაქვს, რათა გამოვხატო ჩემი გაოგნება და სევდა ამ საშინელი დანაკარგის გამო, მშვიდად განისვენოს". - დაწერა აბდულამ პლატფორმა X-ზე.
კომისრის დაღუპვა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვიკრამ მისრიმაც დაადასტურა.
ინდოეთის საჰაერო ძალების წარმომადგენელმა, ვიომიკა სინგჰმა განაცხადა, რომ პაკისტანმა მიზანში ინდოეთის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირშის რეგიონში სამოქალაქო ტერიტორიები და სამხედრო ინფრასტრუქტურა ამოიღო, მათ შორის, სამედიცინო და საგანმანათლებლო შენობები.
პაკისტანის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ 10 მაისს დილით ინდოეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია წამოიწყეს.
პაკისტანის ინფორმაციის მინისტრმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ოპერაციას სახელად "Bunyanun Marsoos" ეწოდა. ტერმინი ყურანიდანაა აღებული და მტკიცე, ერთიან სტრუქტურას ნიშნავს.
პაკისტანის დაგეგმვის მინისტრმა, აჰსან იკბალმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ისინი სამოქალაქო პირებს არ ესხმიან თავს და მხოლოდ იმ ობიექტებზე მიიტანენ იერიშს, რომლებიც პაკისტანის წინააღმდეგ მოქმედებისთვის გამოიყენებოდა.
საპასუხო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც პაკისტანის მტკიცებით, ინდოეთმა სამ სამხედრო ბაზაზე იერიში მიიტანა. მათ შორის, რავალპინდიში, ისლამაბადთან ახლოს, დანარჩენი ორზე კი აღმოსავლეთ პენჯაბში, ინდოეთის საზღვართან.





