აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრს იშაქ დარს ტელეფონით ესაუბრა და სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდა.
"სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სატელეფონო საუბარი გამართა პაკისტანის ვიცეპრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, იშაქ დართან. სახელმწიფო მდივანმა რუბიომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ორივე მხარემ უნდა იპოვოს გზები არსებული სიტუაციის დეესკალაციისთვის და პირდაპირი კომუნიკაციის აღდგენისათვის, რათა თავიდან იქნას აცილებული არასწორი გათვლები".- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სახდეპის ინფორმაციით, რუბიომ პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრს კონსტრუქციული დიალოგის დაწყებაში აშშ-ს დახმარება შესთავაზა.
პაკისტანის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ 10 მაისს დილით ინდოეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია წამოიწყეს.
პაკისტანის ინფორმაციის მინისტრმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ოპერაციას სახელად "Bunyanun Marsoos" ეწოდა. ტერმინი ყურანიდანაა აღებული და მტკიცე, ერთიან სტრუქტურას ნიშნავს.
"ინდოეთი ახლა პაკისტანის პასუხისთვის უნდა მოემზადოს". - წერს პაკისტანის მთავრობის ოფიციალური გვერდი პლატფორმა X-ზე.
პაკისტანის დაგეგმვის მინისტრმა, აჰსან იკბალმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ისინი სამოქალაქო პირებს არ ესხმიან თავს და მხოლოდ იმ ობიექტებზე მიიტანენ იერიშს, რომლებიც პაკისტანის წინააღმდეგ მოქმედებისთვის გამოიყენებოდა.
"ძალიან არ გვსურს, რომ [ბირთვული] ზღვარი გადაიკვეთოს". - თქვა აჰსან იკბალმა.
საპასუხო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც პაკისტანის მტკიცებით, ინდოეთმა სამ სამხედრო ბაზაზე იერიში მიიტანა. მათ შორის, რავალპინდიში, ისლამაბადთან ახლოს, დანარჩენი ორზე კი აღმოსავლეთ პენჯაბში, ინდოეთის საზღვართან.





