პაკისტანის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ 10 მაისს დილით ინდოეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია წამოიწყეს.
პაკისტანის ინფორმაციის მინისტრმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ოპერაციას სახელად "Bunyanun Marsoos" ეწოდა. ტერმინი ყურანიდანაა აღებული და მტკიცე, ერთიან სტრუქტურას ნიშნავს.
"ინდოეთი ახლა პაკისტანის პასუხისთვის უნდა მოემზადოს". - წერს პაკისტანის მთავრობის ოფიციალური გვერდი პლატფორმა X-ზე.
"განადგურებულია ბრაჰმოსის რაკეტების საწყობი ბეასის რაიონში". - განაცხადა პაკისტანის არმიამ.
შეიარაღებული ძალების თქმით, იერიშები ასევე მიიტანეს ინდოეთის დასავლეთ პენჯაბის რეგიონში მდებარე პატანკოტის ავიაბაზასა და ქაშმირის უდამპურის ავიაბაზაზე.
პაკისტანის დაგეგმვის მინისტრმა, აჰსან იკბალმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ისინი სამოქალაქო პირებს არ ესხმიან თავს და მხოლოდ იმ ობიექტებზე მიიტანენ იერიშს, რომლებიც პაკისტანის წინააღმდეგ მოქმედებისთვის გამოიყენებოდა.
"ძალიან არ გვსურს, რომ [ბირთვული] ზღვარი გადაიკვეთოს". - თქვა აჰსან იკბალმა.
საპასუხო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც პაკისტანის მტკიცებით, ინდოეთმა სამ სამხედრო ბაზაზე იერიში მიიტანა. მათ შორის, რავალპინდიში, ისლამაბადთან ახლოს, დანარჩენი ორზე კი აღმოსავლეთ პენჯაბში, ინდოეთის საზღვართან.
პაკისტანის არმიის წარმომადგენლის განცხადებით, 10 მაისის ღამეს ინდოეთმა ბალისტიკური რაკეტები გაისროლა, რომლებიც ინდოეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
"ინდოეთმა ადამპურიდან ექვსი ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. ერთ-ერთი მათგანი ადამპურში ჩამოვარდა, ხოლო დანარჩენი ხუთი ინდოეთის პენჯაბის რეგიონში, კერძოდ ამრიცარის ტერიტორიაზე". - განაცხადა არმიის სპიკერმა ვიდეომიმართვაში.
"დიდი შვიდეულის" ქვეყნებმა 9 მაისს მხარეებს თავშეკავებისა და პირდაპირ დიალოგზე გადასვლისკენ მოუწოდეს.





