ინდოეთის არმიის განცხადებით, პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა 8 და 9 მაისს ინდოეთის დასავლეთ საზღვარზე მრავალი მიმართულებით დრონებითა და სხვა საბრძოლო საშუალებებით იერიში მიიტანეს.
"დრონებით თავდასხმები ეფექტიანად იქნა მოგერიებული, ხოლო ცეცხლის შეწყვეტის დარღვევებს შესაბამისი პასუხი გაეცა". - ნათქვამია ინდოეთის არმიის განცხადებაში.
პაკისტანის ინფორმაციის მინისტრმა, ატაულა ტარარმა ინდოეთის არმიის განცხადებას "უსაფუძვლო და შეცდომაში შემყვანი" უწოდა და აღნიშნა, რომ პაკისტანს შეტევითი ქმედებები არ განუხორციელებია.
ინდოეთის სასაზღვრო უსაფრთხოების ძალების განცხადებით, 8 მაისის ღამეს ქაშმირის სამბას რეგიონში "მასშტაბური შეღწევის მცდელობა" აღკვეთეს.
მანამდე, 7 მაისის დილის საათებში ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაძაბულობა ღია სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც ინდოეთმა საჰაერო იერიშები მიიტანა პაკისტანსა და პაკისტანის მიერ კონტროლირებად ქაშმირის ტერიტორიაზე.
პაკისტანის მტკიცებით, იერიშზე საპასუხოდ ინდოეთის არმიის ხუთი ავიაგამანადგურებელი და საბრძოლო დრონი ჩამოაგდეს. ქვეყნის არმიის სპიკერმა და დიპლომატიურმა ოფიციალურმა პირებმა გამოცემა Financial Times-ს განუცხადეს, რომ ჩამოგდებულ სამხედრო თვითმფრინავებს შორის სამი ფრანგული Rafales ტიპის ავიაგამანადგურებელი და ორიც რუსული თვითმფრინავია.
პაკისტანის თქმით, იერიშის ფარგლებში ინდოეთის მხრიდან გაშვებული რაკეტები სამ სხვადასხვა ადგილზე ჩამოვარდა. თავის მხრივ, ინდოეთმა განაცხადა, რომ "წერტილოვანი იერიშები" მიიტანეს "ტერორისტულ ინფრასტრუქტურაზე" პაკისტანსა და ქაშმირის რეგიონში, რომელსაც პაკისტანი აკონტროლებს.
პაკისტანის არმიის სპიკერმა, აჰმედ შარიფ ჩაუდრიმ რეპორტიორებს უთხრა, რომ ინდოეთის მხრიდან იერიშის დაწყების შემდეგ, 26 პაკისტანელი დაიღუპა, 46 კი დაშავდა. მისი თქმით, ინდოეთის იერიშებს პენჯაბში 16 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ორი 3 წლის ასაკის ბავშვი და შვიდი ქალი.





