ხანძრის შედეგად დაზარალებულები

კალაძე: ბანკებმა გამოთქვეს მზაობა ხანძრით დაზარალებულთათვის საშეღავათო პერიოდის მიცემაზე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ე.წ. ვაგზლის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად მერია მყისიერად ჩაერთო მოვაჭრეებთან კომუნიკაციაში, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით კონტრაქტორმა კომპანიამ დაიწყო დასუფთავება-დემონტაჟის სამუშაოები, რისი შემდეგი ეტაპიც აღდგენითი სამუშაოები იქნება, მერია ასევე შეთანხმდა საქართველოს ბანკთან და TBC ბანკთან, რომელთაც გამოთქვეს მზაობა, რომ მოვაჭრეებს, რომელთაც ფინანსური ვალდებულებები აქვთ, მიეცეთ საშეღავათო პერიოდი. ამასთან, დედაქალაქის მერია საინიციატივო ჯგუფთან ერთად მუშაობის შედეგად გამოყოფს დახმარების პაკეტს და მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხა ვერ იქნება დანაკარგის "საპირწონე", "გარკვეულ ფინანსურ დახმარებას გაუწევს" დაზარალებულებს.

"როგორც იცით, გასულ კვირას ხანძარი გაუჩნდა სადგურის მოედანთან არსებულ ერთ-ერთ ბაზრობას, რომლის შედეგად დაახლოებით, 400 ადამიანი დაზარალდა. სამწუხაროდ, მთლიანად არის განადგურებული პროდუქცია და შესაბამისად ადგილზე ინფრასტრუქტურა.

იმდენად მძიმე მდგომარეობაა, რომ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შემთვევის ადგილზე ჯერ კიდევ აგრძელებს შესაბამის სამუშაოებს. 

დედაქალაქის მერიამ, რა თქმა უნდა, მყისიერად დაიწყო კომუნიკაცია დაზარალებულ მოვაჭრეებთან. პირდაპირ ჩართული იყო ვიცემერი ირაკლი ხმალაძე, გაიმართა არაერთი შეხვედრა, სადაც ჩვენი კომპეტენციისა და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დაზარალებულებს ყველა მიმართულებით აღვუთქვით დახმარება და შესაბამისი მხარდაჭერა.

პირველი, რაც მათ ითხოვეს, ხანძრის შედეგად დამწვარი ბაზრობის ტერიტორიის დასუფთავება და დაზიანებული კონსტრუქციების დემონტაჟი გახლდათ. მუნიციპალიტეტის მერიამ სარეზერვო ფონდიდან საჭირო სახსრები გამოყო და თბილისის მუნიციპალური ინსპექციის კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმდა და აღნიშნულმა კომპანიამ შემთხვევის ადგილზე დაიწყო სადემონტაჟო და შესაბამისად, დასუფთავების სამუშაოები.[...]

ამ ადამიანების უკან დგას ოჯახები, მათ ჰყავთ შვილები, შვილიშვილები და ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში უნდა აღვუთქვათ მათ მხარდაჭერა.

გარდა ამისა, ჩვენ ინტენსიურად ვმართავთ სამუშაო შეხვედრებს დაზარალებულ მოვაჭრეთა საინიციატივო ჯგუფთან. მუნიციპალიტეტი ამუშავებს დახმარების პაკეტს, რომლითაც დაზარალებულებს გარკვეულ ფინანსურ დახმარებას გაუწევს. მე მესმის, რომ ეს დახმარება ვერ იქნება იმის საპირწონე, რა ზიანიც მოვაჭრეებმა მიიღეს, თუმცა, რა თქმა უნდა, იქნება თანადგომა, მხარდაჭერა საქმიანობის გასაახლებლად გარკვეულწილად ხელს გაუმართავს და უკვე მზად ვართ, მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები ამ საინიციატივო ჯგუფის ჩართულობით.

ვინაიდან მოვაჭრეებს ფინანსური ვალდებულებები აქვთ აღებული ასევე ბანკებში, მომხდარის გამო გარკვეული პერიოდი მოუწევთ საქმიანობის შენარჩუნება. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია როგორც საქართველოს ბანკთან, ასევე TBC ბანკთან და მინდა, მათ პირადად მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის ამ ოჯახების მიმართ, რადგან, რა თქმა უნდა, მათი მხრიდან გამოთქმული იყო მზაობა, რომ ამ ადამიანებს, ვისაც ფინანსური ვალდებულებები აქვთ აღებული, ექნებათ საშეღავათო პერიოდი და მხარდაჭერას აღუთქვამს კონკრეტული ბანკები, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და შემდეგ უკვე თავისუფლად მიეცემათ ამ ადამიანებს, გააგრძელონ ეკონომიკური საქმიანობა, რასაც აქამდე ეწეოდნენ. [...]

რაც შეეხება ტერიტორიის მოწესრიგების საკითხს, კონტრაქტორ კომპანიასთან მუშაობის შედეგად დადგენილია დაახლოებით, ერთთვიანი ვადა სადემონტაჟო სამუშაოებისა და ნარჩენების გასატანად, შემდეგი ეტაპი იქნება უკვე აღდგენითი სამუშაოები. [...]

ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია კომპანიასთან, რომელიც ოპერირებს აღნუშნულ ტერიტორიაზე და ამ კომპანიამ, რომელსაც იჯარით აქვს ამ ადამიანებზე გაცემული კონკრეტული ფართები, აიღო ვალდებულება, რომ მთლიანად მოაწესრიგებს ტერიტორიას მას შემდეგ, რაც უკვე დასუფთავება ჩვენი კონტრაქტორი კომპანიის შემდეგ და რა თქმა უნდა, შემდეგ მოვაჭრეები ჩვეულებრივად გააგრძელებენ თავიანთ ეკონომიკურ საქმიანობას" - განაცხადა კალაძემ.

თბილისში, ე.წ. ვაგზლის ბაზრობაზე ხანძარი 30 აპრილს დილით გაჩნდა.  შემთხვევის შედეგად დაიწვა დაახლოებით 15 000 კვადრატული მეტრი ტერიტორიაზე განთავსებული სავაჭრო და სასაწყობე ობიექტები. 

კომენტარები