ხანძარი

ე.წ. ვაგზლის ბაზრობაზე ბოლო რამდენიმე წელში გაჩენილი ხანძრები

ტაბულა

2025 წლის 30 აპრილს, დილის საათებში ე.წ. ვაგზლის ბაზრობის მიმდებარედ გაჩენილი ხანძრის შედეგად, დაახლოებით 15 000 კვადრატული მეტრის ფართობი დაიწვა. აღნიშნულ ბაზრობაზე ხანძარი წარსულშიც არაერთხელ გაჩენილა, მიზეზად, ძირითადად, ელექტროენერგიის გამყვანი სისტემის გაუმართაობა სახელდება. გთავაზობთ ინფორმაციას ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ე.წ. ვაგზლის ბაზრობაზე გაჩენილ ხანძრებთან დაკავშირებით.

2017 წლის 30 იანვარს თევდორე მღვდლის ქუჩაზე გაჩენილი ცეცხლის შედეგად სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროს" შენობა მთლიანად დაიწვა, ასევე დაიწვა საბითუმო ბაზრობის ნაწილიც.  



პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისა და სამსახურებრივად პასუხისმგებელი პირის გულგრილობის გამო, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ადეკვატური რაოდენობის ძალებისთვის "ბაზრობა ნიუ მოლის" სრული ფართობის ნაწილში ხანძრის ლოკალიზება და ჩაქრობა შეუძლებელი აღმოჩნდა. უწყების ინფორმაციით, შედეგად, ხანძარი გავრცელდა "ბაზრობა ნიუ მოლის" მთელ ტერიტორიასა და სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროს" შენობაში, რამაც ამ შენობების, მათში არსებული სარეალიზაციო საქონლისა და ინვენტარის განადგურება გამოიწვია.

სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, ბრალი "ბავშვთა სამყაროს" დირექტორს, გიორგი მაჭავარიანს წარუდგინეს და დააკავეს. 2017 წლის 27 ივლისს მაჭავარიანი საქალაქო სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ყოფილმა მერმა, დავით ნარმანიამ მაშინ მოვაჭრეებისთვის მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით თქვა, რომ "ამ ადამიანებს ჰქონდათ ხელშეკრულებები ბაზრობის ადმინისტრაციასთან, ბაზრობის ადმინისტრაციას აქვს თავისი უფლებები მოვალეობები, პასუხისმგებლობები და უნდა გასცენ ამ ხალხს პასუხი".

ამის შემდეგ თბილისის მერიამ "ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებულ 345 პირს ერთჯერადად 3 000-3 000 ლარი გადასცა.

2018 წლის 27 თებერვალს ხანძარი, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, ამჯერად სავაჭრო ცენტრ "თერგში" გაჩნდა. შედეგად, დაახლოებით, 3 000 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა, ასევე ბაზრობის ის ნაწილიც, სადაც თამბაქო და მეორადი ტანსაცმელი იყიდებოდა.

on.ge

დამწვარი ბაზრობა ორი დღის შემდეგ, 1 მარტს სავალდებულო წესით უნდა დაზღვეულიყო. სწორედ 2018 წლის 1 მარტს ამოქმედდა მთავრობის დადგენილება, რომლითაც საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელებს მესამე პირის მიმართ მიყენებული ზიანის სავალდებულო წესით დაზღვევა ევალებათ.

მაშინ ტაბულასთან საუბარში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, კოტე სულამანიძემ თქვა, რომ შპს თერგი 1 სავალდებულო დაზღვევის შესაძენად სადაზღვევო კომპანიებთან მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპზე იყო.

"თერგში" ხანძარი კვლავ იყო 2019 წლის 2 ოქტომბერს, რა დროსაც 200-250 კვადრატული მეტრის ფართობი დაიწვა.

კომენტარები